აგვისტოში რუსეთიდან დაახლოებით 48 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა - PMC Research
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსი, ბელარუსი და უკრაინელი ვიზიტორების მიერ საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკაში მნიშვნელოვანი განსხვავებები გამოვლინდა. 2022 წლის აგვისტოში სხვაობა შემოსვლისა და გასვლის რაოდენობას შორის, მსგავსად წინა თვეებისა, ყველაზე მაღალი რუსების შემთხვევაში აღმოჩნდა. აღნიშნულის შესახებ საუბარია PMC Research-ის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ პუბლიკაციაში.
PMC Research-ის მონაცემების თანახმად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სასტუმროს ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა საერთაშორისო ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდე რუსი, ბელარუსი და უკრაინელი მოგზაურების მასობრივი შემოსვლა, შიდა ვიზიტორების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნა საქართველოს ტურისტულ ადგილებზე და სასტუმროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საქონლის გაზრდილი ფასები.
„2016-2020 წლების განმავლობაში, ყოველ მესამე კვარტალში აჭარაში ვიზიტების რიცხვმა,საშუალოდ, საერთაშორისო ვიზიტების 42%, ხოლო ადგილობრივი ვიზიტების 14.9% შეადგინა.
2022 წლის ზაფხულში, სასტუმროების საშუალო ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით. ფასების განსაკუთრებული ზრდა აჭარის რეგიონში შეინიშნებოდა. სასტუმროს საშუალო ფასი რეგიონში 2019 წელთან შედარებით 16%, 2021 წელთან შედარებით კი 25%-ით გაიზარდა. ბათუმში კი ზაფხულის საშუალო ფასები, შესაბამისად, 17% და 23%-ით გაიზარდა.
022 წლის აგვისტოში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი (სფი) 2022 წლის ივლისთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით - 15.8%-ით. აღსანიშნავია, რომ წლიური ფასების ზრდა განსაკუთრებით მაღალი საოჯახო სასტუმროებისთვის აღმოჩნდა (36.3%).
საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2022 წლის აგვისტოში 195.5%-ით გაიზარდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, და 32.9%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 178.5%- ით გაიზარდა (2022/2021) და 31.7%-ით შემცირდა (2022/2019), ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 135.8%-ით გაიზარდა (2022/2021) და 22.6%-ით შემცირდა (2022/2019).
2022 წლის აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით გამოირჩეოდნენ რუსეთი (213 261 ვიზიტით), სომხეთი (138 471 ვიზიტით) და თურქეთი (103 548 ვიზიტით). საქართველოს მსხვილ ტურისტული ბაზრებს შორის, საუდის არაბეთიდან (94.3%), ბელარუსიდან (91.3%) და ყაზახეთიდან (21.1%) საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა რუსეთიდან (2.6%) 2019 წლის ამ პერიოდის ნიშნულს დაუბრუნდა“, — აცხადებენ PMC Research-ში.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკამ რუსების, ბელარუსების და უკრაინელების შემოსვლისა და გასვლის რაოდენობაში მნიშვნელოვანი განსხვავებები აჩვენა.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წლის აგვისტოში რუსეთიდან დაახლოებით 48 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. უკრაინისთვის აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 3.6 ათასს გაუტოლდა, ხოლო ბელარუსისთვის კი - 2.9 ათასს. 2022 წლის მარტი-აგვისტოს განმავლობაში რუსეთიდან დაახლოებით 228 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა, ხოლო შესაბამისი მაჩვენებელი უკრაინელებისა და ბელარუსებისთვის 37 და 29 ათასი იყო5. ამ პერიოდში სხვაობა (ანუ მეტი შემოსვლა, ვიდრე გასვლა) განსაკუთრებით მაღალი იყო რუსებისთვის, რომელსაც მოსდევდა უკრაინა და ბელარუსი.
commersant.ge