AIRBNB აფხაზეთსა და სამაჩაბლოში არსებულ ობიექტებს საკუთარი ვებგვერდიდან აღარ წაშლის
უძრავი ქონების გაქირავების საერთაშორისო კომპანია Airbnb-იმ საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა. კომპანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან – აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან არსებულ შეთავაზებებს აღარ წაშლის. ამის სანაცვლოდ Airbnb-ის განცხადებით, კომპანია ამ ტერიტორიებზე საქმიანობით მიღებულ ფულად შემოსავალს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გადაურიცხავს.
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად ეს ცვლილება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსაც შეეხება.
Airbnb-იმ შესაბამისი განცხადება 9 აპრილს გამოაქვეყნა. Airbnb-ის განმარტებით ამის ძირითადი მიზეზი ისრაელის დასავლეთ სანაპიროზე არსებული სასამართლო დავებია, რაც ობიექტების წაშლის შესახებ 19 იანვარს მიღებულ პირვანდელ გადაწყცეტილებას უკავშირდება.
Airbnb-ის განცხადებით, თუ კომპანია აღმოაჩენს, რომ მისი საქმიანობა სხვა სადავო ტერიტორიებსა და კონფლიქტის ზონებსაც ეხება, ის ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქმიანობიდან შესულ თანხას ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გადაურიცხავს.
“ჩვენი ბიზნესის უმთავრესი საგანი – სახლები და უძრავი ქონება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში არის დავის საგანი. ჩვენს ვებგვერდზე მათი განთავსებით შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია მოხდეს,”- ეწერა კომპანიის მიერ 2019 წლის 19 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
www.bm.ge