«აჭარაში ბევრი ლამაზი ადგილია, რომელიც გზის გაუმართავობის გამო საექსკურსიო ნუსხაში ვერ ხვდება»
ზაფხულის ტურისტული სეზონი ახლოვდება. ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული რეგიონი ამ პერიოდში აჭარაა. როგორ ემზადება აჭარის რეგიონი მოახლოებული ტურისტული სეზონისთვის ’’საქმიან დილასთან“ ტურისტული კომპანია Wonderland-ის კონტრაქტ მენეჯერი ლაშა ჩხატარაშვილი საუბრობს.
-ბატონო ლაშა, როგორ ემზადება აჭარის რეგიონი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის, უკვე რამდენად არის დატვირთულია ჯავშნები?
-განწყობა და მოლოდინი ყველასთვის ერთნაირია და რა თქმა უნდა, ყველა ველოდებით, რომ წლევანდელი სეზონი ბევრად უფრო დატვირთული იქნება. წლევანდელი სეზონი თვითონ ჩვენი კომპანიისთვის იქნება წარმატებული, რადგან მოთხოვნა ჩვენ სერვისზე შარშანდელთან შედარებით 50%-60%-ით გაზრდილია, რაც ციფრებში 10 ათას ტურისტამდეა, ამიტომ განცდა არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ზოგადად ყველა ტურისტული კომპანიისთვის და მთლიანად საქართველოში ტურისტების მოლოდინის განცდა ძალიან მაღალია. ვფიქრობ, რომ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან იმდენად მოსწონთ გამოწვევები, რომლებსაც ჩვენ მათ ვახვედრებთ და სერვისი, რომელიც ჩვენთან ნელ-ნელა ვითარდება და ჯერ, რასაკვირველია ბევრი გვაკლია საბოლოო სტადიამდე, ვიხვეწებით და ვპროგრესირებთ.
-60%-იან ზრდა საკმაოდ მკვეთრი და დიდი ზრდაა, რომელი ქვეყნებიდან გაიზარდა განსაკუთრებით ვიზიტორების ნაკადი?
-ჩვენი ბაზარი მრავალფეროვანია, კარგი ჩარტერული ფრენები გვაქვს, ჩვენ განსაკუთრებით ორიენტირებული ვართ ამ მიმართულებით მუშაობაზე. წელს ლიბანიდან და პოლონეთიდან გვექნება ჩარტერები. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნების წამყვან ტურისტულ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ. ესენია: ყაზახეთი, რუსეთი, ბელორუსია, იორდანია. არის რამდენიმე სახელმწიფო, რომლებთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საბოლოო პასუხებს ველოდებით.
-მოთხოვნის შესაბამისი განთავსების საშუალება თუ არის ზაფხულის სეზონისთვის?
-ჩვენ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ვიწყებთ მზადებას შემდეგი სეზონისთვის, რადგან შევძლოთ, რომ მოთხოვნის მიმართ ადეკვატურები ვიყოთ და ჩვენი შეთავაზებული ადგილების რაოდენობა იმას შეესაბამებოდეს, რაზეც მოთხოვნა არის. ახალ წლამდე ვაწარმოებთ სასტუმროებთან მოლაპარაკებებს. გარანტირებულ ნომრებს წინასწარ ვიღებთ და შემდეგ უკვე ჩვენ პარტნიორებს ვთავაზობთ.
-ვინც ზაფხულში ბათუმში გეგმავს ვიზიტს, მათთვის რამდენად სახარბიელო და ხელმისაწვდომი ფასები იქნება სასტუმროებში?
-ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ზოგადად Hospitality Management-ში რაც საქართველოში არსებობს, ეს ფასების პოლიტიკაა, რომელსაც სასტუმროებმა ეტაპობრივად უნდა გადახედონ, რადგან ფასები სერვისთან მიმართებით და იმ რეალობასთან არაადეკვატურია, რომელიც ჩვენთან არსებობს.
-კონკურენციის ზრდასთან ერთად ფასები არ ბალანსდება?
-სასტუმროების ის რაოდენობა, რაც დღესდღეობით არსებობს არ ქმნის იმ გარემოს და იმ პლატფორმას არ იძლევა, რომ სასტუმროებმა ფასებით ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ, იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე რეალურად ადგილები არსებობს. ზაფხულში რომ გადახედოთ სასტუმროებს, არც ერთ სასტუმროში დაწყებული ერთი ვარსკლავიდან დამთავრებული ხუთი ვარსკვლავით ადგილი თითქმის არ არსებობს. მოთხოვნა რესურსზე მეტია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ სერვისები დავხვეწოთ. სერვისი ტურიზმში არ ნიშნავს მარტო კომპანიის სერვისს, ან მხოლოდ სასტუმროების და კვების ობიექტების სერვისს. ეს კომპლექსური საკითხია და ერთი მეორესთან ჯაჭვური რეაქციით არის დაკავშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია ვიზიტორისთვის დახვედრის მომენტიდან გაცილების მომენტამდე მიღებული მომსახურება, რომ კმაყოფილების განცდა ქონდეს. ერთი კმაყოფილი ტურისტი კი მომავალში ათ კმაყოფილ ტურისტს უდრის. უკმაყოფილო კი პირიქით, შესაძლოა დამაზარალებელი იყოს.
-ბოლო დროს ბათუმში განვითარებულმა მოვლენებმა ჯავშნებზე ხომ არ მოახდინა გავლენა?
-საბედნიეროდ, საბოლოო სურათი არანაირად არ შეცვლილა და იმ ფაქტის გამო ჯავშანი არავის არ გაუუქმებია და არც უკმაყოფილება გამოუთქვამს. უბრალოდ დიდი ვანდალური ქმედება იყო, რომელიც დასაგმობია და მსგავსი რამ ადრე თუ გვიან ქალაქის პრესტიჟზე აისახება. ტურისტულ ქალაქებში ადამიანებს დასვენება და სიმშვიდე აინტერესებთ. არანაირად არ შეიძლება ასეთი რამ განმეორდეს.
-რა რეკომენდაციები გექნებათ ამ ზაფხულისთვის?
-დიდი პრობლემებია ინფრასტრუქტურაში. არის საავტომობილო გადაადგილება გართულებული. აჭარაში ბევრი ლამაზი ადგილია, რომელიც გზის გაუმართავობის გამო საექსკურსიო ნუსხაში ვერ ხვდება. კარგი იქნებოდა თუ ეს გამოსწორდებოდა და ჩვენს ფუნქციონირებას და რეგიონის განვითარებას შეუწყობდა ხელს.
www.businesscontract.ge