ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში ტურისტების მოსაზიდად დაგეგმილ სარეკლამო კამპანიაზე 7 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება
08 მაისი, 2018

აჭარაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი შესაძლოა 413 000  (+4,2%) ლარით გაიზარდოს.

მთლიანობაში მომავალ წელს ბიუჯეტში ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად  10 177 800  ლარის დახარჯვა იგეგმება, წელს კი   დეპარტამენტის ბიუჯეტი 9 764 800 ლარით განისაზღვრება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, 2019 წლისთვის, აჭარაში შიდა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებში 7 270 000 ლარი დაიხარჯება. სარეკლამო ბიუჯეტის გაზრდა შემდეგი წლისთვის 550 000 ლარით (+8,2%) იგეგმება. აქედან, რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების 16 სამიზნე ქვეყანაში რეკლამირებისთვის 6 770 000 ლარი დაიხარჯება, ქვეყნის შიგნით რეკლამირებისთვის კი 500 000 ლარი. შემდეგი წლისთვის, სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი სატელევიზიო და ონლაინ რეკლამის გაძლიერებაზე გაკეთდება.

დეპარტამენტი 2019 წელს რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით 323 000 ლარს დახარჯავს. შემდეგ წელს გაგრძელდება პროექტები „ტურიზმის განვითარების სკოლა“ და საუკეთესი სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების დაჯილდოება „მაგნოლია 2019“.  აღნიშნული პროექტები აჭარაში ტურისტულ სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას, სერვისის გაუმჯობესებას, წახალისებასა და ზოგადად, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. 2019 წელს, ისევ ამოქმედდება პროექტი „იდუმალი სტუმარი“, რომლის ფარგლებშიც დადგინდება რეგიონში მომსახურების ხარისხის დონე.

2019 წელს, გაგრძელდება კვლევები და სტატისტიკა დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, რაც უცხოელი ვიზიტორების კმაყოფილების დონის კვლევასა და შიდა ტურისტების საჭიროებების კვლევას ითვალისწინებს. აღნიშნული კვლევებისთვის ბიუჯეტიდან 170, 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.

დეპარტამენტი 2018 წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების განვითარების მიზნით 577 500 ლარს დახარჯავს. სააგენტო შემდეგ წელსაც ჩაატარებს ზაფხულის ფესტივალს, სოფლის ტურიზმისა და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალებს, ასევე ორგანიზებას გაუწევს სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას.  სააგენტო შემდეგ წელსაც გააგრძელებს ეკო და სოფლად არსებული ტურისტული მარშრუტების განვითარებას, ასევე გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის ინფოტურებს მთიან აჭარაში.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.