ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარაში ტურისტული ობიექტები ზაფხულის სეზონთან შესახვედრად ემზადებიან
15 მაისი, 2018
 

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვს ემზადებიან. ქვეყნის მთავრობა წელს ტურისტთა ზრდის რეკორდულ მაჩვენებელს ელის. სეზონის სამზადისთან დაკავშირებით ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა სასტუმრო რედისონში გაიმართა, რომელზეც სეზონზე აჭარაში დაგეგმილ საერთაშორისო კონცერტებზე, ქვეყანაში შემოსული ტურისტების ტენდენციებსა და რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. 

შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ქვეყანაში შემომსვლელ ტურისტთა ტენდენციებზე პრეზენტაცია წარადგინა. პროექტ Checkin Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია კი ტურობიექტებისა და ტურკომპანიების წარმომადგენლებს, ბლექ-სი არენას საკონცერტო დარბაზის დირექტორმა ანა კავლელიშვილმა მიაწოდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე, ტურიზმის დადებით სტატისტიკაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. ზურაბ პატარაძემ რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით ისეთ მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა, როგორებიცაა ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზა, ბათუმის ესტაკადას მშენებლობა, ხულო-ზარზმის გზა, ასევე საუბარი შეეხო რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის და სამთო-სათხილამურო კურორტების შექმნის კუთხით არსებულ ინვესტიციებსა და მშენებლობებს. 

„მაშინ, როცა საუბარია ტურიზმის განვითარებაზე და ოთხი სეზონის  ტურიზმზე, უმნიშვნელოვანესია მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მომსახურების დონის ამაღლება, ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაცია, რა მიმართულებითაც აჭარის მთავრობა ცენტრალური მთავრობასთან ერთად არაერთ ღონისძიებას ახორციელებს“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

რეგიონში ტურისტთა ნაკადის ზრდის მოლოდინზე ისაუბრა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსმა სულხან ღლონტმა. მისი თქმით, აჭარაში არსებული საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, იანვარ-მარტში 25%-იანი ზრდა დაფიქსირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. განსაკუთრებით დიდი ზრდა (+64%) შეინიშნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს საფრენი ბილიკების და მოსაცდელი  დარბაზების გაფართოების სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები ხელს შეუწყობს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, ასევე ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ბათუმში ჩამოსული ტურისტების თავისუფალ გადაადგილებას და სათანადო მომსახურებას.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.