ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული, აჭარის ბრენდულ სასტუმროებში კი ტურისტული ნაკადის აქტივობა ფიქსირდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ როგორი სიტუაციაა ზღვისპირა ქალაქებში მდებარე ბრენდულ სასტუმროებში. აღმოჩნდა, რომ მსგავს სასტუმროებში, წელს შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმატა, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი სტუმრების რაოდენობა. სასტუმროებში აცხადებენ, რომ შარშანდელთან შედარებით ჯავშნების რაოდენობა 40%–ით არის გაზრდილი.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ციხისძირში მდებარე სასტუმრო Castello Mare-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ კედელაძე აცხადებს, წელს შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სტუმრების რადენობამ დაახლოებით 40%-ით იმატა.
„ჩვენ სასტუმროში ამჟამად ნომრების 80%-ი უკვე დაჯავშნილია. წელს შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სტუმრების რადენობამ დაახლოებით 40%-ით იმატა. Castello Mare-ს ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრციდან და არაბული ქვეყნებიდან სტუმრობენ.
ჩვენ ბაზარზე ფასები მაღალია და ვფიქრობ, რომ წელს ქართველი და უკრაინელი სტუმრები ვიზალიბერალიზაციის გამო ევროპაში წავიდნენ დასასვენებლად. შარშან ამ კუთხით განსხვავებული სიტუაცია იყო.“ - განაცხადა მარიამ კედელაძემ.
სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი სალომე წოწორია განმარტავს, რომ სტუმრების თვალსაზრისით წელს შარშანდელ პერიოდთან შედარებით მათ სასტუმროშიც მატებაა.
„წინა წელთან შედარებით წელს ჩვენთან მოსული სტუმრების რაოდენობამ იმატა. ამჟამად სასტუმრო სრულადაა დატვირთული. რაც შეეხება ტურისტულ მიმართულებას ჩვენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან გვყავს. მათ შორის: რუსეთიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან და ირანიდან. ამჟამად სასტუმროს თითქმის 100%-ი სრულად დაჯავშნილია. აგვისტოში სტუმრების მატებას კვლავ ველოდებით.“ - განაცხადა სალომე წოწორიამ.
ქობულეთში მდებარე სასტუმრო „ჯორჯია პალასის პიარ მენეჯერი რუსუდან ცეცხლაძე განმარტავს, რომ „ტურისტების რაოდენობა ჩვენ სასტუმროში ყოველდღიურად მატულობს. ამჟამად სეზონი უკვე აქტიურ ფაზაშია და განსაკუთრებით უქმე დღეებში ჩვენთან ბევრი სტუმარი ჩამოდის. „ჯორჯია პალასში“ ძირითადად ქართველები ისვენებენ, რაც შეეხება უცხოელებს, სტუმრები გვყავს რუსეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. შარშანდელთან შედარებით წელს ჩვენ სასტუმროში სტუმრების მატება შეინიშნება.“
ავტორი: ლიკა გურაბანიძე
commersant.ge