ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის სახელმძღვანელო გამოუშვა
21 დეკემბერი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო „გიდის პროფესია“ გამოუშვა. დეპარტამენტის ცნობით, სახელმძღვანელოს მიზანია დაეხმაროს მოქმედ და დამწყებ გიდებს პროფესიის ათვისებასა და დახელოვნებაში.

ამ ეტაპზე წიგნის პირველი ნაწილია გამოცემული. ის მოიცავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა: ექსკურსია და მისი არსი, გიდის მიერ ექსკურსიის მომზადება, ტურისტებთან ურთიერთობა და კონფლიქტური სიტუაციების მართვა, ექსკურსიის ჩატარების ხელოვნება, სამედიცინო კომპეტენციები და პირველადი სამედიცინო დახმარება. წიგნში მოცემულია საქართველოს, აჭარის მოკლე ისტორია და ძირითადი ტურისტული მარშრუტები.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსი თამარ კაიკაციშვილი ამბობს, გიდის პროფესიისთვის მხოლოდ უცხოური ენა და გარკვეული ინფორმაცია ამა თუ იმა ადგილის შესახებ საკმარისი არ არის.

მისი თქმით, სწორედ ამან განაპირობა გიდის პროფესიის პრაქტიკული სახელმძღვანელოს გამოცემა, რომელშიც პროფესიონალი გიდისთვის აუცილებელი ყველა საკითხი გათვალისწინებული იქნებოდა.

„გიდის პროფესია თავისი შინაარსით უნივერსალურია. კონკრეტული ინფორმაციის ფლობის გარდა პროფესიონალი გიდი უნდა იყოს ერუდირებული და არტისტული ადამიანი, მას შეეძლოს პუბლიკის წინაშე გამოსვლა, ჰქონდეს კარგი მახსოვრობა და პასუხისმგებლობის გრძნობა, გაწონასწორებული ხასიათი, რომ შეძლოს განსხვავებული ხასიათის და ტემპერამენტის ადამიანებთან ურთიერთობა. კარგმა გიდმა ყველაფერი წინასწარ უნდა იცოდეს იმ ადგილების შესახებ, სადაც ტურისტები მიჰყავს. გიდი კარგად უნდა ფლობდეს იმ უცხო ენას, რომელზეც ატარებს ექსკურსიებს და კარგად უნდა იცნობდეს ამ ენაზე მოსაუბრე ხალხის ისტორიას, კულტურასა და თავისებურებებს. ნამდვილი გიდის ცოდნა სცდება აუცილებელს. იმ შემთხვევაში, თუ ტურისტების თხოვნით შეიცვლება მარშრუტი, ეს გიდისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს”, - ამბობს კაიკაციშვილი.

გიდის პრაქტიკული სახელმძვანელოს I ნაწილი დაეთმო გიდის პროფესიის თეორიულ ნაწილს, რომელიც დამუშავდა ნიკო კვარაცხელიას სახელმძღვანელოს „გიდის ხელოვნება“ და მისივე სალექციო კურსის მიხედვით. მეორე ნაწილის გამოცემა კი 2018 წელს იგეგმება.

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.