ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალი ღვინის ფესტივალის მოლოდინში - მასპინძელი მთაწმინდის პარკია
24 აპრილი, 2018

საქართველოს ღვინის კლუბი 12 მაისს რიგით მეცხრე ახალი ღვინის ფესტივალს ჩაატარებს.

ახალი ღვინის ფესტივალი 2018-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, g.vino.

ორგანიზატორები განმარტავენ, რომ ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა. მისი მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

„ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი (მაისის მეორე შაბათი) და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად“, - განმარტავენ ორგანიზტორები.

ფესტივალის მასშტაბი 2010 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იზრდება, იზრდება მონაწილეთა რაოდენობაც. ახალ-ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები გამოდიან ასპარეზზე და მომხმარებელს აცნობენ თავიანთ მოსავალს, ნაშრომს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2017 წლის) საუკეთესო ღვინოებს.

ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც დავაგემოვნებთ და მოგვეწონება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.