ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალი ტურისტული მარშრუტი - რას გპირდებათ ტობავარჩხილი
25 ივნისი, 2018

საქართველოს ტურისტულ მარშრუტს კიდევ ერთი ბილიკი შეემატება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკვე მონიშნა ტობავარჩხილის ტბები.

მარშრუტი სქური-ტობავარჩხილის ტბები-ხაიში საშუალებას გაძლევთ იმოგზაუროთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში და დატკბეთ სამეგრელოს მთიანეთის გამორჩეული ბუნებით.

რას მოინახულებთ მოგზაურობისას? ცაშკიბულის ტობავარჩხილის, ტობავარჩხილის, დიდიღალის, კალაშის და წაქაწყარის ტბებს, მაღალ ჩანჩქერებს და ულამაზეს ხეობებს. 

მარშრუტის სიგრძე 61 კმ-ია და მის გავლას 5 დღე სჭირდება.

დღე 1 (მანძილი: 25 კმ. / 9 სთ. 30 წთ.) 

მარშრუტი სოფ. მუხურის ცენტრში იწყება და მარტივი ბილიკით მიუყვება მდ. ხობისწყალის ხეობას. ბილიკი გაივლის შურუბუმუს მღვიმეს, მინერალურ წყალ ლუგელას და გვალაშარასა და ღუნჯის ჩანჩქერებს, შემდეგ მარშრუტი საშუალო სირთულის კატეგორიაში გადადის და სერპანტინით ადის ნათიფურუს საბანაკე ადგილას. 

მარშრუტის პირველი დღე მთლიანად ფეხით გასავლელად გრძელი და დამღლელია, განსაკუთრებით ნათიფურუმდე ასასვლელი სერპანტინი, ამიტომ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია მონაკვეთი მაღალი გამავლობის ავტომობილით დაფარვაა. ტრანსპორტის დაქირავება შესაძლებელია სოფ. მუხურში. 

დღე 2 (მანძილი: 9 კმ. / 6 სთ.) 

ნათიფურუს საბანაკედან მარშრუტი ცაშკიბულის ტობავარჩხილის ტბისკენ მიემართება. ბილიკი გაივლის ალპურ და სუბალპურ ზონებს, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. დაახლოებით 8 კმ-ში ბილიკი უღელტეხილზე ადის (2749 მ.) და ცაშკიბულის ტობავარჩხილთან ეშვება. ტბის ნაპირებზე ვრცელი მდელოებია, სადაც შესაძლებელია კარვების გაშლა და დაბანაკება. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განმარტებით, სურვილის შემთხვევაში, ამავე დღესვე შესაძლებელია მეორე უღელტეხილის გადავლა და ტობავარჩხილის ტბასთან დაბანაკება, რაც დამატებით 3 საათს მოითხოვს. ამ შემთხვევაში მარშრუტის ხანგრძლივობა შემცირდება 4 დღემდე. 

დღე 3 (მანძილი: 3.4 კმ. / 3 სთ.) 

ცაშკიბულის ტობავარჩხილიდან მარშრუტი მომდევნო უღელტეხილზე (2871 მ.) ადის, საიდანაც შთამბეჭდავი ხედები იშლება შემოგარენზე. უღელტეხილიდან ბილიკი ტობავარჩხილის (იგივე ჭითაგვალას) ტბასთან ეშვება, რომელიც მოსანახულებელ ტბებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა და საუცხოო სილამაზით გამოირჩევა. ტბის ნაპირებზე კარგი საბანაკე ადგილებია. 

დღე 4 (მანძილი: 16 კმ. / 8 სთ.) 

ტობავარჩხილის ტბიდან ბილიკი მცირე უღელტეხილზე (2785 მ.) ადის, საიდანაც მალევე გვხვდება ჯერ დიდიღალის ტბა, ხოლო შემდეგ ტბა - კალაში, რომელსაც გულის ფორმა აქვს და ხშირად გულის ტბასაც უწოდებენ. აქედან მარშრუტი ჯერ მდინარესთან ეშვება (კარგად ჩანს მწ. ჭითაგვალა და მდ. ხობისწყალის კასკადოვანი ჩანჩქერი) ხოლო შემდეგ მთა ურაშზე ადის, საიდანაც საუცხოო ხედები იშლება ეგრისის ქედზე და სვანეთის მთებზე. აქედან 6 კმ-ში ბილიკი მთა გვანდრას ძირში, მწყემსების ქოხთან მიდის. აქვეა სასმელი წყალი და საბანაკე ადგილი. 

ტბა კალაშიდან 400 მ-ში შეგხვდებათ გადასახვევი, საიდანაც სურვილის შემთხვევაში - წაქაწყარის ტბაზე შეძლებთ მოხვედრას (მანძილი 1 კმ). გაითვალისწინეთ, რომ ეს ბილიკი განეკუთვნება რთულ კატეგორიას და სასურველია იქონიოთ თოკი, წრიაპი და ა.შ. ტბის მონახულება და გადასახვევთან დაბრუნება მინიმუმ 2.5 საათს მოითხოვს. ტბა წლის განმავლობაში უმეტესად ყინულით არის დაფარული. 

დღე 5 (მანძილი: 17 კმ. / 5 სთ. 40 წთ.) 

საბანაკე ადგილიდან ბილიკი განაგრძობს დაბლა დაშვებას, გაივლის ტყეს და სოფ. ზემო ვედში შედის (სოფელში დგას რამდენიმე საზაფხულო სახლი). სოფლიდან 3 კმ-ში ბილიკი მარტივ კატეგორიაში გადადის, გაივლის სოფ. ქვემო ვედს და საბოლოოდ სოფ. ხაიშში სრულდება. 

ამ მარშრუტის დათვალიერების მსურველებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გარკვეულ რჩევებს სთავაზობს: გაითვალისწინეთ, რომ წლის სხვადასხვა პერიოდში უღელტეხილებზე შესაძლოა იდოს თოვლი, ამიტომ გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე! მარშრუტზე ხშირად გვხვდება მცენარე „დიყი“ რომლის ფოთლებთან შეხებაც აღიზიანებს კანს და აჩენს წყლულებს, ამიტომ ჩაიცვით გრძელტოტებიანი შარვალი; ბილიკზე მრავლადაა წყაროები და ნაკადულები; მარშრუტზე ხშირად გვხვდება მწყემსების სეზონური სადგომები, რომლებიც უმეტესწილად ივნისიდან სექტემბრამდეა აქტიური. მწყემსები აქვე ამზადებენ სხვადასხვა რძის ნაწარმს და თაფლს, რომელთა დაგემოვნებაც ადგილზევე შეგიძლიათ; მარშრუტზე მობილური კავშირის დაფარვის ზონა ვრცელდება სოფ. მუხურში, ნათიფურუში და სოფ. ხაიშში. 

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.