ავკვეთის წმ. გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
გორის მუნიციპალიტეტის, სოფ. ავკვეთში მდებარე წმ. გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ეკლესია მთის ფერდზე, ტყეში დგას. დარბაზულია (16,8×13,7 მ), სამივე მხრიდან მინაშენებით.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონაცემებით, ეკლესია აგებულია ალგეთის ქვით, კაპიტელებისა და კუთხის ქვებად გამოყენებულია შირიმი და მწვანე ტუფი.
ტაძარი ნათდებოდა აღმოსავლეთის ერთი და სამხრეთის ორი თაღოვანი სარკმლით, რომლის წირთხლები შიგნითკენ ფართოვდება. აბსიდა ნახევარწრიულია, დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით, რომელზეც კონქის საბჯენი სატრიუმფო თაღი გადადიოდა. მხრები მარტივპროფილიანი კაპიტელებით სრულდება. გრძივ კედელზე ერთი წყვილი პილასტრია გაკეთებული, მათზე გადასულ თაღს ტაძრის კამარა ეჭირა. ჩრდილოეთის პილასტრს პრიფილირებული კაპიტელი აქვს. ნახევარპილასტრებია დასავლეთ კედლის კუთხეებშიც. პილასტრებს შორის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე დეკორატიული თაღებია შეკიდული.
სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენები მთლიანად დანგრეულია, ამიტომ მათზე საუბარი ძნელია. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ სამხრეთი მინაშენის კამარა ტაძრის სამხრეთ კედლის შვერილს ებჯინებოდა. დასავლეთის მინაშენი ორნაწილიანია. თითოეული ერთმანეთისგან იზოლირებულია. ორივე ცილინდრული კამარით მთავრდებოდა. ჩრდილოეთის ნაწილში შესასვლელი ტაძრის დასავლეთი კარიდანაა. ჩრდილოეთის კედელში ერთი ვიწრო სარკმელი აქვს. ასეთივე სარკმელი ქონია აღმოსავლეთ კედლის ჩრდ. მინაშენის ნაწილში (ამჟამად მიწითაა დაფარული). მინაშენი ეკვდერია.
ტაძრის გარშემო სხვა ნაგებობათა კვალი არ შეინიშნება.
www.travelingeorgia.ge