"გამარჯვების შემთხვევაში სამშენებლო ნებართვებს გავაუქმებ" – ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
"როგორც კი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გავხდი, პირველივე ინიციატივად სამშენებლო ნებართვების გაცემაზე მორატორიუმის გამოცხადება დავაყენე - დედაქალაქის განადგურება უგულავას მერობისას დაიწყო, ამიტომ ნარმანიას ე.წ. სამშენებლო რევიზიების უზრუნველყოფა შევთავაზე. მაშინ ქართულმა ოცნებამგამომიცხადა, ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია გაქვსო, არადა, ინიციატივა რომ გაეთვალისწინებინათ, ასეთ სავალალო მდგომარეობამდე არ მოვიდოდით. მართალია, ნარმანიამ პრობლემური მშენებლობების კომისია შექმნა, მაგრამ ეს მხოლოდ ბუტაფორია იყო - კომისიას სამი წლის განმავლობაში არც ერთი დეველოპერისთვის არ მოუთხოვია კორპუსების მინიმალური სტანდარტებით მშენებლობაც კი. გამარჯვების შემთხვევაში, სამშენებლო ნებართვებს გადავხედავ და მათ გავაუქმებ.
- როგორ წარმოგიდგენიათ კერძო პირებისთვის ნებართვების გაუქმება?
- თუ დეველოპერი ვერ წარმოადგენს პარკინგის თუ სახანძრო უსაფრთხოების სისტემას ან გამწვანების სტანდარტს, ხელიც არ ამიკანკალდება, ისე გავუუქმებ სამშენებლო ნებართვას. დღეს თბილისში კატასტროფა ხდება - მაგალითად, სპორტის სასახლის უკან კორპუსები პირდაპირ წითელ ხაზზე შენდება. როგორც კი მერი გავხდები, გეოლოგიურ დასკვნას სავალდებულოს გავხდი არა მხოლოდ მშენებლობის დაწყებამდე, არამედ მომიჯნავე შენობების შესაძლო დაზიანების რისკებზეც. არ მაინტერესებს, კერძო პირი იქნება თუ რომელიმე თანამდებობის პირის ბიზნესი, არც ის მაინტერესებს ამ კერძო პირმა რამდენი გადაიხადა - ამოსავალი წერტილი ჩემთვის დედაქალაქია. არაერთ დეველოპერთან მქონია შეხების წერტილი, მეტიც, არაერთი შეუსაბამო პროექტის მშენებლობა შევაჩერეთ კიდეც.
- ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტს გულისხმობთ, როდესაც მოქალაქეების ნაწილმა გაგკიცხათ ტელეკამერების წინ, ტრაქტორის მძღოლთან ხმამაღალი საუბრის გამო?
- კოკა ყანდიაშვილმა ეს ვიდეოფირი დაამონტაჟა და საზოგადოებას ინფორმაცია ისე მიაწოდა, თითქოს მე ვინმეს მივუვარდი დავეძველბიჭე. რეალობა კი რადიკალურად განსხვავებული იყო - ცაგარლის ქუჩაზე დგას ავარიული ოთხსართულიანი შენობა, რომლის გვერდითაც ტრაქტორმა საძირკვლის ამოღება დაიწყო და ავარიული შენობა აზანზარდა. მოქალაქეები მირეკავდნენ, დეველოპერები მოვიდნენ და სახლი თავზე გვენგრევაო. სწორედ ამან გამოიწვია მაშინდელი ხმამაღალი საუბარიც და თუ ვინმეს შეუძლია მასწავლოს, შამპანურითა დაბამბანერკით როგორ შევაჩერო დეველოპერი და ტრაქტორის მძღოლი, სიამოვნებით გავითვალისწინებ.
- ვიდეოფირში ჩანს, რომ მხოლოდ ტრაქტორის მძღოლს ეჩხუბებით, იქ დეველოპერები არ ჩანან...
- ამიტომ ვამბობ, რომ ვიდეოფირი დამონტაჟებული იყო, რადგან ტრაქტორის გვერდით ძველი ბიჭი დეველოპერებიც იდგნენ. ყველაფერს გავაკეთებ, ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ამ ტერიტორიაზე 16-სართულიანი კორპუსის ნაცვლად, საბავშვო სკვერი მოეწყოს. იცით, რა არის მთელ ამ ამბავში სასაცილო?
აქეთ ნაციონალური მოძრაობა გვპირდება, სამშენებლო რეგულაციებს დავაწესებთო, არადა, სამშენებლო კანონმდებლობით სწორედ მათ შექმნეს მღვრიე წყალი კორუფციისთვის, როდესაც ზონალური საბჭოები მოიგონეს, მეორე მხარეს კი ოცნებაა, რომელიც თურმე ხუთწლიანი მმართველობის შემდეგ გეგმავს მშენებლობების მოწესრიგებას.
ხუთი წლის განმავლობაში მათ ხელში იყო ბურთიც და მოედანიც, ტრიბუნებზეც თავად ისხდნენ და მსაჯების ფუნქციასაც თვითონვე ასრულებდნენ. ისიც სასაცილოა, ორივე პარტია,სითი-პარკის გაყვანას რომ ჰპირდება თბილისელებს.
kvirispalitra.ge