ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ალექსანდროული-ქართული ვაზის ჯიშების მიმოხილვა
22 დეკემბერი, 2015

ალექსანდროული რაჭის მთავარი საწარმოო ვაზის ჯიშია. ტოლა-ხვანჭკარის მიკრორაიონში იგი იძლევა ბუნებრივად ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს, რომელიც ფართოდაა ცნობილი “ხვანჭკარას” სახელწოდებითი, ხოლო დანარჩენ ადგილებში სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს. ადგილობრივი მევენახეთა შორის (სოფ. ხვანჭკარა) და ლიტერატურულ წყაროებში, ალექსანდროული ცნობილია აგრეთვე კაბისტონის და კაბისტონას სახელწოდებით. ალექსანდროული ადგილობრივი ვაზის ჯიშია.

იგი გავრცელებულია ქვემო რაჭის სოფლებში, სახელდობრ: პირველსა და მეორე ტოლაში, ხვანჭკარაში, ჭრებალოში, სადმელში, ზედა და ქვედა ქვიშარში, ღვიარაში, ძირაგეულში და სხვაგან. მორფოლოგიური და ბიოლოგიური ნიშან-თვისებებით ალექსანდრული მიეკუთვნება შავი ზღვის აუზის ვაზის ჯიშების ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს prol. pontica subpr. Georgica Negr. მოსაზრებანი ჯიშის წარმოშობის შესახებ მოყვანილი აკად. ივ. ჯავახიშვილის, პროფ. ს. ჩოლოყაშვილის და სხვათა ნაშრომებში.

ალექსანდროულის შორეულ წარსულში მეფე ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ საბერძნეთიდან შემოტანის შესახებ არ უნდა შეეფერებოდეს სინამდვილეს. უპირველესად ყოვლისა იმის გამო, რომ ძველად ალექსანდროული კაბისტონისა ან კაბისტონას სახელწოდებით იყო ცნობილი, შემდეგ მას ალექსანდროული შეარქვეს სახელად, ალბათ, იმ ალექსანდრეს პატივსაცემად, რომელმაც პირველად ყურადღება მიაქცია მას და ფართოდ გამოიყენა იგი თავისებური ტიპის მოტკბო ღვინის დასამზადებლად.

ალექსანდროული, მისი არაუხვი მოსავლიანობის მიუხედავად, სხვა ჯიშებზე უფრო მეტად არის გავრცელებული რაჭაში, ძირითადად იმიტომ, რომ იგი იძლევა თავისებურ ბუნებრივად ნახევრად ტკბილ “ხვანჭკარას” ტიპის მეტად სასიამოვნო ღვინოს. ცნობები ჯიშის წარმოშობის ადგილისა და დროის შესახებ, ისევე როგორც სხვა უძველეს ვაზის ჯიშების შესახებ, შემონახული არ არის. ჯიშის მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებების სხვა ადგილობრივ ჯიშებთან დაპირისპირება და მათი შედარებითი შესწავლა ადასტურებს ალექსანდროულის კულტურულ ვაზის ჯიშების ადგილობრივი _ კოლხეთის კერიდან წარმოქმნას და მის საკმაოდ დიდ ხნიერებას.

ალექსანდროული გავრცელებულია ძირითადად რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის რაიონებში და იშვიათად ცილდება მის ფარგლებს, იმისდა მიუხედავად, რომ იგი თავისუფლად შეიძლება მომწიფდეს საქართველოს მევენახეობის თითქმის ყველა რაიონში. ეს აიხსნება ჩვენი ჯიშების თავიანთი წარმოშობის პირვანდელ რაიონებში მოკალათებით, რაც ახალ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს მიზარშეწონილად, რადგან ბუნებრივად ნახევრად ტკბილ ღვინოებზე მოთხოვნილება დიდია, ხოლო ფართობები მათი წარმოებისათვის მცირეა. ამიტომ ჩვენი უძვირფასესი ვაზის ჯიშები უფრო გაბედულად და ფართოდ უნდა გავავრცელოთ მათთვის შესაფერ ახალ რაიონებში.

ბოტანიკური აღწერა

ჯიში ბოტანიკურად აღწერილია ვენახების ექსპედიციური გამოკვლევის დროს ამბროლაურის რაიონის სოფ. ჟოშხაში კოლმეურნეობის ვენახში, რომელიც გაშენებულია მწკრივებად სამხრეთ-აღმოსავლეთის საკმაოდ დაქანებულ ფერდობზე. უფრო დეტალურად ჯიში აღწერილი და შესწავლილია მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში ქ. თელავში, სადაც შეგროვილია საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ვაზის ჯიშები. ვენახი გაშენებულია ცივ-გომბორის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაქანებულ ფერდობზე 562,3 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, სადაც ნიადაგი არაკარბონატული ქვეთიხნარია.

ვენახი სარ-მავთულზეა გამართული და გაფორმებულია ქართული წესით 2 ნეკზე და 2 მოპირისპირე საკავებელზე, 3 კვ. მ კვების არეზე.ახალგაზრდა ყლორტი. ახალგაზრდა, 10-15 სმ სიგრძის, მოზარდი ყლორტის წვეროები გვირგვინის და პირველი ორი, ჯერ კიდევ გაუშლელი, ფოთოლაკების ჩათვლით შებუსვილია ყოველმხრიდან სქელი აბლაბუდისებრი ბუსუსით და შეფერილია მორუხო თეთრ ფერად, სუსტი მოვარდისფრო არშიის გაყოლებით გვირგვინისა და პირველი ორი ფოთოლაკის ირგვლივ. მეორე იარუსის (მესამე და მეოთხე) ფოთლების ზედა მხარის შებუსვა თანდათან მცირდება, იგი თხელი აბლაბუდისებრი ხდება და შეფერვაც მწვანე მონარინჯისფრო-ყვითელ იერს იღებს. ფოთლების ქვედა მხარე პირველ ორ ფოთოლაკზე ჯერ კიდევ ინარჩუნებს სქელ აბლაბუდისებრ შებუსვას და მოთეთრო შეფერვას, ხოლო ქვემოთ განწყობილ ფოთლებზე შებუსვა თანდათან კლებულობს და შეფერვაც მწვანე ხდება.ერთწლიანი რქა.

კარგად შემოსული ერთწლიანი რქები შემოდგომით ღია მიხაკისფერია, მუხლები უფრო მუქად არის შეფერილი, ვიდრე მუხლთშორისები. მუხლთშორისების სიგრძე საშუალოდ 9-10 სმ უდრის, ვიწრო ზოლები მუხლთშორისების გასწვრივ სუსტადაა გამოსახული.ფოთოლი. საშუალო იარუსის (მე-9-12) ფოთოლი საშუალო (16 X 6 სმ) ზომისაა, ფორმით მომრგვალოა, იშვიათად ოდნავ ოვალური. ფოთოლი მქრქალი მწვანეა, ჩვეულებრივ სამნაკვეთიანი, იშვიათად ხუთნაკვთიანი, ან თითქმის დაუნაკვთავია. ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია, ზოგჯერ იგი გლუვი ან წვრილბურთულებიანია ან იშვიათად მიხრილ-მოხრილია სხვადასხვა მიმართულებით. ფოთლის ნაკვთები ოდნავ ძირსაა დახრილი. ფოთლის შუა ნაკვეთი უფრო ხშირად ბლაგვკუთხიანია, მეორადი დანაკვთა მას არ ახასიათებს. ფოთლის მთავარი ძარღვები შებუსვილია თხელი აბლაბუდისებრი ბეწვებით და მომწვანო ყვითელია.

ზედა ამონაკვეთები ხშირად საშუალო სიღრმისაა, იშვიათად საშუალოზე უფრო ღრმაა. ამონაკვეთების ფორმა საგრძნობლად ცვალებადობს _ უფრო ხშირად გვხვდება ღია შეჭრილკუთხისებრი, ან ნაპრალისებრი, იშვიათად პარალელურგვერდებიანი ჩანგისმაგვარი ამონაკვეთები, წამახვილებული ან ცალკბილიანი ფუძით. გვხვდება აგრეთვე დახურული ამონაკვეთები, რომლის თვალი უფრო ხშირად მომრგვალოა, იშვიათად ვიწრო ან განიერ ელიფსურია.

ქვედა ამონაკვეთები უფრო ნაკლებადაა გამოსახული, ხშირად ღია, ზეზეურია, ფორმით შეჭრილი კუთხისებრი ან ნაპრალისებრია, ზოგჯერ ფოთლის ქვედა ამონაკვეთები სულ არ არის გამოსახული ან ოდნავ შესამჩნევია.

ყუნწის ამონაკვეთების ფორმა საგრძნობლად ცვალებადობს. გვხვდება როგორც ღია ჩანგისმაგვარი ფორმისა, ისე ელიფსურთვლიანი დახურული. უფრო ხშირად გვხვდება ღია, ჩანგისმაგვარი ფორმის ამონაკვეთები მომრგვალო, წამახვილებული ან ცალკბილიანი ფუძით. იშვიათად გვხვდება აგრეთვე დახურული ელიფსურთვალიანი ამონაკვეთები ერთიმეორეზე გადასული ბოლოებით.

ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება მახვილწვერიანი სამკუთხედისებრი ფორმის, ან იშვიათად მახვილწვერიანი, ოდნავ გამოწეულგვერდებიანი სამკუთხედისებრი კბილებით. გვერდითი კბილები მახვილწვერიანია, ხერხისებრ დახრილი ან სწორმდგომია.

ფოთლის ქვედა მხარე შებუსვილია აბლაბუდისებრი ბეწვებით, რომლის ქვეშ მოფენილია მოკლე სწორმდგომი ჯაგრისებრი ბუსუსი. ორივე ერთად ქმნიან ფოთლის ქვედა მხარის საკმაო სქელ შებუსვას. ფოთლის შებუსვის ინტენსივობა ძლიერდება ფოთლების რქებზე იარუსებად განწყობის მიხედვით ზემოდან ქვევით.

ყუნწი გლუვი, უბუსუსოა, ან იშვიათად შესამჩნევია თხელი აბლაბუდისებრი ბეწვები. ყუნწის სიგრძე უდრის ფოთლის მთავარ ძარღვს, ან მასზე ოდნავ მოკლეა. ყუნწი ბაცი მწვანეა, რომელსაც გადაჰკრავს ღია იისფერი.ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია კარგად განვითარებული ბუტკოთი და მტვრიანებით. ყვავილში უფრო ხშიარდ ხუთი, იშვიათად ექვსი სწორმდგომი მტვრიანაა. მათი ძაფების სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან 1,25 უდრის, იშვიათად იგი 1,50 და ოდნავ მეტსაც აღწევს. ბუტკო მომრგვალო კონუსისებრი ფორმისაა, სვეტი (ყელი) მოკლე და სქელია, იგი მთავრდება კარგად განვითარებული დიდი დინგით. ხანდახან დინგი ორადაა გაყოფილი.

მტევანი

ალექსანდროულის მტევნები საშუალო ზომისაა. მათი სიგრძე მერყეობს საშუალოდ 10-დან 18 სმ-მდე, ხოლო განი 6-დან 10 სმ-მდე. საშუალო მტევნის ზომა უდრის 15X7 სმ. მტევნის ფორმა კონუსისებრია, იშვიათად ცილინდრულ-კონუსისებრი ან დატოტვილი. მტევანი საშუალო სიმკვრივისაა, გვხვდება თხელი მტევნებიც. საშუალოდ მტევანში 80-90, ხოლო დიდ მტევანში 140-150 მარცვალია. მტევნის ყუნწის სიგრძე მერყეობს საშუალოდ 4-დან 6 სმ-მდე, უფრო ხშირად იგი 4,5 სმ უდრის. ყუნწი ბალახისებრია, რქასთან მიმაგრების ადგილთან იგი ხევდება და რქის ფერს იღებს. მარცვლის ყუნწი ხშირად შეფერილია წითლად, მისი სიგრძე 0,5-დან 1,0-მდე მერყეობს. მარცვლის საჯდომი ბალიში ხშირად ვიწრო კონუსისებრი ფორმისაა და დაფარულია ხორკლებით.მარცვალი. მარცვალი საშუალო სიდიდისაა, ფორმით მრგვალი ან ოდნავ ოვალურია. მარცვლების სიგრძე მერყეობს საშუალოდ 14,2-დან 17,5 მმ-მდე, განი 12,4-დან 15,0 მმ-მდე. საშუალო მარცვლის სიგრძე-სიგანე უდრის 15X13,7 მმ. მარცვლების შეფერვა მუქი ლურჯი, თითქმის შავია, კანი თხელი, მაგრამ მკვრივია. რბილობი წვნიანია, ოდნავ კნატუნა. წიპწებთან რბილობი შესქელებულია და თავისუფლად არ ეცლება მათ. მარცვლის კანი დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქით. წვენი უფერულია, იგი ტკბილი და სასიამოვნო გემოსია. სპეციფიკური ჯიშური არომატი სუსტად არის გამოსახული.

წიპწა

წიპწების რაოდენობა მარცვალში მერყევია. უფრო ხშირად მარცვალში სამი წიპწაა, იშვიათად ერთი ან ოთხი. საშუალოდ ერთ მარცვალზე ორი წიპწა მოდის. წიპწა მოგრძოა, ნისკარტისაკენ შევიწროებული, მიხაკისფერია, ხოლო ნისკარტის და მუცლის მხარეზე მონარინჯისფროა. წიპწის სიგრძე უდრის 6,5-7 მმ, ხოლო განი 3,5-3,8 მმ. ნისკარტის სიგრძე საშუალოდ 1,8-2,0 მმ უდრის. ქალაძა ოვალური ფორმისაა და მოთავსებულია წიპწის ზედა ნახევარში, იგი ოდნავ ამოზნექილია და სხეულისაგან მკვეთრად არ ერჩევა. ზედა ღარი ქალაძიდან ფუძისაკენ საკმაოდ ღრმაა და წიპწის ზედა ნაწილს ორად ყოფს. ღარტაფი ქალაძიდან ნისკარტისაკენ კარგად გამოსახულია. მუცლის მხარეს ღარები საკმაოდ ღრმაა. ნაწიბური წინ წამოწეული და კარგად გამოსახულია. ნისკარტი მოგრძო კონუსისებრი ფორმისაა და მოყვითალო ნარინჯისფერია.

აგრობიოლოგიური დახასიათებასავეგეტაციო პერიოდი და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა. დაკვირვებანი ფენოლოგიური ფაზების მსვლელობაზე წარმოებულია ამბროლაურში, ცაგერში, ზესტაფონში _ საქარის საცდელ სადგურზე და მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში _ ქ. თელავში.

სავეგეტაციო ფაზების დადგომის ვადები საკმაოდ ცვალებადობენ როგორც ვაზის გაშენების ადგილის, ისე ცალკეული წლების მიხედვით. ასე მაგალითად, რომ შევადაროთ  ამბროლაურის, ცაგერის, ზესტაფონისა და თელავის პუნქტებზე ჩატარებული დაკვირვებანი დიდ განსხვავებას ფაზების დადგომის ვადებში ვერ მივიღებთ. მაგალითად, კვირტის გაშლის დასაწყისი ცვალებადობს 11 დღის, ყვავილობის დასაწყისი 12 დღის, სიმწიფის დასაწყისი 16 დღის და სრული სიმწიფე 5 დღის ფარგლებში. უფრო დიდ სხვაობას იძლევა ცალკეული წლების მეტეოროლოგიური პირობების გავლენა. ამ შემთხვევაში კვირტის გაშლის დასაწყისი მერყეობს 17 დღის, ყვავილობის დასაწყისი 23 დღის, სიმწიფის დასაწყისი 25 დღის, ხოლო სრული სიმწიფისა 20 დღის ფარგლებში.

საქართველოში ალექსანდროულის ყლორტები თავისუფლად ასწრებს მომწიფებას ფოთოლცვენის დაწყებამდე, გარდა ყლორტის მზარდი წვეროებისა, თუ ისინი ცის გახსნის დროს არ იყო წაწყვეტილი. საერთოდ რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთისა და კახეთის ჰავის პირობები სავსებით უზრუნველყოფენ ერთწლიანი რქების სრულ მომწიფებას 100-120 სმ სიგრძემდე.ზრდის სიძლიერე. ალექსანდროული ვაზის საშუალო ზრდით ხასიათდება. ღრმა, ღონიერ ნიადაგებზე მისი ზრდა საშუალოზე უფრო ძლიერია და მოსავლიანობაც მეტია. საკოლექციო ვენახებში წარმოებული დაკვირვებით, ამ ნაკვეთების ჰავისა და ნიადაგურ პირობებში, ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით ალექსანდროულის ვაზი საშუალო ზრდით ხასიათდება.მოსავლიანობა. მრავალი ქართული ვაზის ჯიშის მსგავსად, ალექსანდროული შედარებით ადრე იწყებს პირველსა და სრული მოსავალის მოცემას. ადგილებზე წარმოებულ დაკვირვებით ალექსანდროული პირველ ნიშანს იძლევა დარგვიდან მეორე-მესამე წელს, ხოლო სრულ მოსავალს მეოთხე-მეხუთე წლიდან.

ა. მიროტაძე რაჭაში ჩატარებული მოსავლის აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, ალექსანდროულს საშუალო მოსავლიან ჯიშად თვლის. მისი გაანგარიშებით ალექსანდროულის მოსავლიანობა ჰექტარზე საშუალოდ 40-დან 60 ცენტნერამდე მერყეობს. იმერეთში (საქარის საცდელ სადგურზე) მისი მოსავლიანობა დაახლოებით ისეთივეა, როგორც რაჭაში. კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში, ჯიშისათვის შეუფერებელ დიდ კვების არეზე, მისი მოსავლიანობა საშუალოა და ზოგჯერ საშუალოზე (40-50 ცენტნერი) ნაკლები. შესაფერი კვების არის და დატვირთვის შერჩევით მოსავლიანობა საგრძნობლად შეიძლება გადიდდეს. და მართლაც, უკანასკნელ წლების მანძილზე ვენახების კარგი მოვლა-დამუშავების და სასუქების შეტანის შედეგად ალექსანდროულის მოსავლიანობა საგრძნობლად გაიზარდა. რაჭა-ლეჩხუმის რაიონებში ყურძნის მოსავალმა ჰექტარზე საშუალოდ ყველა ჯიშიდან 40-55 ცენტნერს მიაღწია. კერძოდ, საგრძნობლად გადიდდა ალექსანდროულის მოსავლიანობაც.

უნდა აღინიშნოს, რომ ალექსანდროულიდან თავისუფლად შეიძლება მაღალი მოსავლის მიღება. ალექსანდროულის თითოეულ ვაზზე რქების 70% ორი მტევანი ასხია, რქების 25% _ ერთი მტევანი, ხოლო სამტევნიანი რქების რაოდენობა ზოგჯერ 4-5% აღწევს. საშუალოდ ერთ რქაზე ალექსანდროული ერთნახევრამდე მტევანს ისხამს. მტევნის საშუალო წონა ვენახის ადგილმდებარეობისა და წლების მიხედვით მერყეობს 56-დან 120 გ-მდე. ამრიგად, ერთი რქის მოსავალი 150 გ შეადგენს, ხოლო ვაზზე საშუალოდ 12 ყლორტის დატოვებით მისი მოსავალი 1500 გ და ჰექტარზე 2,25 (1,5X1,5) მეტრიან კვების არეზე 70 ცენტნერამდე აღწევს. ვენახების კარგი მოვლა-დამუშავების პირობებში თავისუფლად შეიძლება ალექსანდროულიდან აღნიშნულზე მეტი მოსავლის მიღებაც.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალექსანდროული მისთვის შეუფერებელ პირობებში ხშირად თხელ მტევნებს ივითარებს. ამიტომ მისი მოსავლიანობის გასადიდებლად საჭიროა შემოღებული იქნეს ყვავილობის დაწყებისას ან მის წინ ახალგაზრდა მოზარდი ყლორტების წვეროების წაწყვეტა, რაც ხელს შეუწყობს მარცვლების უკეთ გამონასკვას და საშუალო სიმკვრივის მტევნების მიღებას.ავადმყოფობათა და მავნებლების მიმართ გამძლეობა. რაჭა-ლეჩხუმში გავრცელებულ ავადმყოფობათაგან ყველაზე მეტ ზიანს ვენახებს ჭრაქი (მილდიუმი) აყენებს. ალექსანდროული ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით საშუალო გამძლეობით, ხოლო იმერულ ჯიშებთან _ კუნძასა და ცოლიკოურთან შედარებით სუსტი გამძლეობით ხასიათდება.

კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში წარმოებული დაკვირვებებით ალექსანდროული ადგილობრივ ვაზის ჯიშებთან შედარებით ზოგჯერ კარგი გამძლეობით ხასიათდება. უფრო მაღალი გამძლეობა აქვს ალექსანდროულს ნაცრის მიმართ. მისი გამძლეობა სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით საშუალოზე მაღალია. შედარებით ნაკლებად და სუსტად ზიანდება მტევნები ყურძნის ჭიისაგან.

ადგილობრივი მევენახეთა დაკვირვებით ალექსანდროული სხვა ჯიშებთან შედარებით მაღალი გამძლეობით ხასიათდება ფილოქსერის მიმართ. რაჭა-ლეჩხუმში ყველაზე უფრო ალექსანდროულის ვაზები გადაურჩა ფილოქსერისაგან განადგურებას. ამჟამადაც მოიპოვება ალექსანდროულის ვაზები საკუთარ ძირზე კოლმეურნეთა საკარმიდამო ნაკვეთებზე.

საძირე ვაზის ჯიშებთან ალექსანდროულს მაღალი მონათესაობა არა აქვს. ჩვენში გავრცელებულ საძირე ვაზის ჯიშებიდან უკეთეს შედეგს ალექსანდროული რუპესტრის დულოსთან, შემდეგ რიპარიაXრუპესტრის 3309 და კირნარ ნიადაგებზე ბერლანდიურიXრიპარია 5 ბბ იძლევა. საძირე ვაზის ჯიშებთან არა მაღალი მონათესაობის გამო აუცილებელია ნამყენების გულდასმით გადახარისხება დარგვის წინ, რომ მხოლოდ პირველხარისხოვანი სავსებით შეხორცებული და კარგად დაფესვიანებული ნამყენები დაირგას ვენახში.ჯიშობრივი აგროტექნიკის თავისებურებანი. ალექსანდროულის შედარებით არამაღალი მოსავლიანობის ერთ-ერთი მიზეზია ჯიშის თავისებურებათა გაუთვალისწინებლობა.

ყოველი ჯიში მოითხოვს მისთვის შესაფერ აგროღონისძიებების გამომუშავებას, რომლის პირობებში მას შეეძლება მოგვცეს მაღალხარისხოვანი ყურძნის უხვი მოსავალი. ამ ღონისძიებათაგან, პირველ რიგში, აღსანიშნავია ვაზების დატვირთვის და ფორმირების საკითხი. ალექსანდროული იმიტომ არ იძლეოდა მაღალ მოსავალს, რომ უმრავლეს შემთხვევაში მას 8-10 კვირტს უტოვებდნენ იმისდა მიუხედავად, რომ ცალკეული უფრო მეტად დატვირთული ვაზები, იმავე ვენახებში უფრო ძლიერი ზრდით და მეტი მოსავლიანობით ხასიათდებოდა. აქედან გამომდინარე, რაჭა-ლეჩხუმის ნიადაგურ პირობებში მინერალურ და ორგანული სასუქების სისტემატური შეტანის პირობებში ვაზებს უნდა მიეცეს ორი ნეკი, ორი საკავებელი და დაიტვირთოს იგი ზრდის სიძლიერის შესაბამისად 18-20 და მეტი კვირტით.

ასეთი დატვირთვა, ვენახების კარგი მოვლა-დამუშავების და სისტემატური გაპატივების შემთხვევაში სავსებით უზრუნველყოფს ვაზების ნორმალურ ზრდას და უხვი მოსავლის მიღებას. არანორმალური ყვავილცვენის ყველა შემთხვევაში, როცა ალექსანდროულის მტევნები საშუალოზე თხელი ან ძლიერ მეჩხერია, აუცილებელია ვენახებში ყვავილობის დაწყების წინ ან მის დასაწყისში ჩატარდეს მოზარდი წვეროების წაწყვეტა მტევანზე მარცვლების უკეთ გამონასკვის მიზნით.

ჯიშის დამოკიდებულება გარემო პირობებთან

ალექსანდროული შედარებით კარგად უძლებს ზამთრის ყინვებს. რაჭა-ლეჩხუმში ყინვების სიძლიერე ხშირად 16-18º აღწევს. ზამთრის ასეთ ყინვებს ალექსანდროული, სხვა ადგილობრივ ჯიშებთან ერთად, კარგად იტანს, ან უმნიშვნელოდ ზიანდება მისგან. იგი შედარებით კარგად უძლებს აგრეთვე გვალვებსაც. თავის სამშობლოში იგი ძირითადად გავრცელებულია სუსტად დაქანებულ ფერდობებზე, სადაც მას კარგი ზრდა-განვითარება აქვს. შედარებით უფრო მეტად დაქანებულ მშრალ, ხირხატიან, საკმაოდ მწირ ნიადაგებზე, თუმცა მისი ზრდა-განვითარება სუსტია და მოსავალი მცირე, მაგრამ წვენი უფრო ტკბილია და ღვინოც მაღალხარისხოვანი დგება.

ნიადაგების მიმართ ალექსანდროული განსაკუთრებულ მოთხოვნას არ აყენებს, იგი კარგად ვითარდება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, მაგრამ მაღალხარისხოვან პროდუქტს (ღვინოს) იძლევა კირნარ ქვეთიხნარ და ხირხატ ნიად%E


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.