„ალიანს ჯგუფმა" ვაკეში პრემიუმ კლასის კომპლექსის Alliance Highline-ის მშენებლობა დაიწყო. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი აკაკი სონგულია რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, ამ ეტაპზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტის მიხედვით მიწის ქვეშ 4 სართულზე ავტოსადგომი ეწყობა, შემდეგ კი თაუერების სამშენებლო პროცესიც დაიწყება. სონგულიას თქმით, პროექტის გახსნის თარიღი არ შეცვლილა და მისი დასრულება 2019 წელსაა დაგეგმილი.
პრემიუმ კლასის კომპლექსი სამი თაუერისგან შედგება, პირველ ბლოკში იქნება ყველაზე მაღალი 40–სართულიანი შენობა, სადაც განთავსდება პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი, ორ თაუერში კი სასტუმრო და აპარტამენტები იქნება. მისივე თქმით, სასტუმროს ოპერატორი მსოფლიოში უმსხვილესი ამერიკული ბრენდის Wyndham Hotel Group-ში შემავალი Wyndhem Garden-ი იქნება.
თაუერები ვაკეში სპორტის აკადემიის უკან განთავსდება , კომპლექსში მოეწყობა სრული ინფრასტრუქტურა, 4 სართულიანი ავტოსადგომი მიწისქვეშ, საცურაო აუზი, სპა, ფიტნესი, კონსიერჟის სერვისი და თანამედროვე ტექნოლოგიები. აკაკი სონგულიას განმარტებით, გამოყენებული იქნება ალტერნატიული ენერგიის წყარო და მოსახლეობას საერთო სივრცეებზე - კორიდორზე, ლიფტზე და სხვა ინფრასტრუქტურაზე დახარჯული ელექტროენეგიის მომსახურებისთვის გადასახადის გადახდა არ მოუწევს. კომპლექსამდე მისასვლელი ინდივიდუალური გზა თამარაშვილის ქუჩიდანაც მოეწყობა.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 75 მილიონ დოლარამდეა, მისი დასრულება კი 2019 წელსაა დაგეგმილი. პროექტის არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა.
თბილისის გარდა, "ალიანს ჯგუფი" ბათუმში „ალიანს პალასის" პროექტს ახორციელებს, რომელიც საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს და აპარტამენტებს აერთიანებს. მისი საინვესტიციო ღირებულება 45$ მლნია. სასტუმროს ოპერატორი ბათუმში „ ქორთიარდ მარიოტი" იქნება. პროექტი 2018 წლის მაისში დასრულდება. ამას გარდა, „ალიანს ჯგუფი" 100 ნომრიან სასტუმროს, რომელიც Ramada-ს ბრენდის ქვეშ იქნება, კურორტ გოდერძიზეც აშენებს, ბიზნესმენის თქმით, გოდერძიზე სასტუმროს მშენებლობა ერთი თვეა განახლდა რადგან ზამთრის მკაცრი კლიმატური პირობების გამო მშენებლობა შეჩერებული იყო. სასტუმროს გახსნა კურორტზე 2018 წელსაა დაგეგმილი. მისი საინვესტიციო ღირებულება 10$ მილიონია.
"ალიანს ჯგუფი"–ს ხელმძღვანელი დასძენს, რომ ბათუმში კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას გეგმავენ, რომლის საინვესტიციო ღირებულება არანაკლებ 50 მილიონი დოლარი იქნება.
Commersant.ge