ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ალპური ოქრო" - "ეს არის შვეიცარიული ტექნოლოგიით დამზადებული ყველი, რომელიც ქართულ ბაზარზე უკონკურენტოა"
17 ივნისი, 2017

„ალპური ოქრო" ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე სპეციალური მეთოდოლოგიით დამზადებული ყველია. კომპანიის პროდუქცია 2016 წელს ბაზარზე პირველად გამოჩნდა. როგორც „კომერსანტთან" საუბრისას კომპანიის წარმომადგენელი და ტექნოლოგი ნანუკა ნარიმანიძე აცხადებს, ყველი მთაში, ადიგენში ბუნებრივად სპეციალური მეთოდოლოგიით მზადდება. „ალპური ოქროს" დამფუძნებლები ფრენცის ბელზერი, დანიელ ვიუთრიხი და ზურა მაჭარაშვილი არიან.

- გვიამბეთ „ალპური ოქროს" შექმნის შესახებ, როგორც „კომერსანტისთვის" ცნობილი გახდა თქვენ მას სპეციალური ტექნოლოგიით ამზადებთ, რის მიხედვით შეარჩიეთ ადგილი, სადაც მისი დამზადება ხდება?

- „ალპური ოქრო" ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე სპეციალური მეთოდოლოგიით მზადდება. ადიგენში სოფელ ჩორჩანის მთაში გვაქვს ჩვენი სპეციალური ყველის დასამზადებელი ვაგონი. ჩვენი საწარმო მინისაწარმოა, რადგან სეზონურად მოძრავი ვაგონია, რომელიც ყოველ ზაფხულს მთაში აგვაქვს და შემოდგომაზე მას სოფელში ვაბრუნებთ.

- ნანუკა, აქვე ჩნდება კითხვა, რისთვისაა საჭირო ეს პროცედურა?

- ყველს, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ სპეციფიკა აქვს, თუ ის ალპურ გარემოში შვეიცარული ტექნოლოგიით არ დამზადდა, მას ალპურს ვერ ვუწოდებთ. სანამ ამ ადგილს მოვიძიებდით, დიდი ხნის განმავლობაში სხვა ბევრი ტერიტორია ვარჩიეთ, თუმცა შვეიცარიის ალპებთან ყველაზე მეტად შესაბამისობაში ადიგენის მთები აღმოჩნდა.

- რატომ ჰქვია ყველს „ალპური ოქრო"?

- ეს სახელწოდება იმიტომ შევარჩიეთ, რომ ჩვენ მიერ დამზადებული ყველი მხოლოდ ალპურ გარემოში იწარმოება. ხოლო ოქრო იმიტომ, რომ ის ოქროსფერია და ოქროს ჰგავს.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ზაფხულში სპეციალური შესანახი ვაგონი ე.წ. საწარმო მთაში აგაქვთ და შემოდგომაზე ჩამოგაქვთ. რამდენი თვის განმავლოაბში მიმდინარეობს ყველის წარმოება და ჩამოტანის შემდეგ რა პირობებში ინახავთ მას?

- ივნისში აგვაქვს ვაგონი და სექტემბის დასაწყისში ჩამოგვაქვს, რათა არ გააფუჭოს თოვლმა და სიცივემ. წარმოება მხოლოდ სამი თვის: ივნისის, ივლისისა და გვისტოს განმავლობაში ხდება. ოქროყანაში სპეციალური საცავი გვაქვს, სადაც ყველს თაროებზე ვინახავთ. შემდგომ ყველის წმენდის პროცესი მიმდინარეობს და ის სპეციალურად მუშავდება, მის მომწიფებას მინიმუმ სამი თვე სჭირდება. ჩვენ ყველში არანაირი დანამატი არ არის. მას ბუნებრივი გემოვნური თვისებები და არომატი აქვს. ყველაფერს ალპური გარემო და ბალახი განაპირობებს.

- სად არის შესაძლებელი თქვენი ყველის დაგემოვნება და რითი უწევთ ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებს კონკურენციას?

- ჩვენი ყველით მარაგდება, „აჭარა ჯგუფის" სასტუმროები, Rooms Tbilisi, Rooms Kazbegi, Holiday Inn, ასევე წელს რამდენიმე სასტუმროს დამატებას ვგეგმავთ, ვამარაგებთ თბილისში სხვადასხვა მაღაზიას, „ქართული კალათა", „არისტეუსი", „ყველის კუთხე", „ყველის სახლი", „ფრომაჟერი", ასევე რესტორნებს, „ჯივინო", „რუსთაველი" „დაინიდგი", „ქეთის ბისტრო".

რაც შეეხება კონკურენციას, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკონკურენტოები ვართ ბაზარზე. „ალპური ოქრო" არის ერთადერთი კომპანია, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საწარმოო მოთხოვნას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა. ამავდროულად, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა, ყველანაირი დანამატების გარეშე და დამზადების ტექნოლოგია არის შვეიცარიული.

- როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების გეგმა?

- გასულ წელს ერთი ტონა ყველი დავამზადეთ, ხოლო წელს მოცულობის ორ ტონამდე გაზრდას ვაპირებთ. დროის გასვლასთან ერთად რა თქმა უნდა, პროდუქციას გავზრდით და ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი ქართველი მომხმარებელი გვეყოლება. მომავალში ასორტიმენტისა და წარმოების მოცულობის გაზრდას ვაპირებთ. 

ჩვენი სამომავლო გეგმები ასევე ითვალისწინებს იმ რეგიონის განვითარებას, სადაც პროდუქციას ვაწარმოებთ. ადიგენის რაიონი ძალიან მდიდარია რესურსებით და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან მივიწყებულია და უყურადღებოდ არის დატოვილი. ჩვენ გვინდა, რომ მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ფერმერი, შევქმანთ რძისთვის საუკეთესო ფასი, რათა მივიღოთ საუკეთესო ხარისხი. მომავალში გვინდა, რომ ქართველ ფერმერებთან ერთად ჩამოვაყალიბოთ კოოპერატივი.

ავტორ(ებ)ი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.