„ამათ ჩვენ ფსევდო ექსპერტებს ვუწოდებთ“ – რატომ და ვის აკრიტიკებს მარიამ ქვრივიშვილი
„ადამიანები, რომლებიც გამოდიან და საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლებელია ტურიზმის სექტორზე ძალიან მცირედი ზიანი იყოს, ამათ ჩვენ ფსევდო ექსპერტებს ვუწოდებთ“, – ეს განცხადება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთის მხრიდან დაწესებული ე.წ. ტურისტული ემბარგოს შესაძლო გავლენის შეფასებისას განაცხადა.
ქვრივიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არასერიოზული განცხადებაა.
მისი თქმით, რეალობა არის ის, რომ ფაქტიდან გამომდინარე, ქართული ტურისტული სექტორი საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დადგა.
“2019 წლის ბოლოს მოლოდინი გვქონდა, რომ საქართველოში რუსეთის 1 700 000-მდე მოქალაქე, როგორც ტურისტი ისე ჩამოვიდოდა. პირველი 6 თვის განმავლობაში საქართველოში უკვე 700 000-მდე რუსი ტურისტი შემოვიდა და დღეს ჩვენ მილიონი ტურისტი კითხვის ნიშნის ქვეშ გვყავს, რაც ეკონომიკურად ითარგმნება, როგორც 2 მლრდ ლარი ჩვენ ეკონომიკაში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკის გათვლებით, რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებას წლის დარჩენილ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა დაახლოებით, 200-300 მლნ აშშ დოლარამდე იქნება.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის პროგნოზს, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებს ოფიციალურად ამ დრომდე არანაირი გათვლა არ გამოუქვეყნებიათ.
bm.ge