ამბროალურის აეროპორტი ამოქმედებიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით, 3132 მგზავრს მოემსახურა. ინფორმაციას “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ამბროლაურის აეროპორტის ექსპლუატაციაში შესვლიდან 2 წლის თავზე აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, ამბროლაურის აეროპორტი უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში აშენდა. მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და იანვარში უკვე პირველი რეისი შესრულდა. გახსნის დღიდან 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, აეროპორტი 3132 მგზავრს მოემსახურა და 221 რეისი შესრულდა. პირველ ეტაპზე აეროპორტი მცირე ზომის – 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს ემსახურება.
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ-ია და დაახლოებით, 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი. პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში – ტერმინალის გაფართოებაც.
ამბროლაურის აეროპორტში ამ ეტაპზე 55 ადამიანია დასაქმებული. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
ფრენების დაწყებამდე თბილისიდან ამბროლაურის მიმართულებით მიკროავტობუსები მოძრაობდნენ. მანძილი 270 კილომეტრია და მის დაფარვას დაახლოებით 4 საათი სჭირდებოდა. აეროპორტის მშენებლობის შემდეგ მგზავრობის ხანგრძლივობა ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით 35 წუთამდე შემცირდა.
ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით ერთი გზის ბილეთის ფასი 50 ლარია. 3 წლამდე ბავშვისთვის მგზავრობა უფასოა, ხოლო 12-წლამდე მოზარდებისთვის 35 ლარი ღირს.