ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ამერიკაში მდებარე ქართულ რესტორანში TONE CAFE , პურის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი კერძი ქაბაბია
04 მარტი, 2024

ქართული რესტორანი TONE CAFE აშში უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. როგორც  ობიექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეიძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, თავდაპირველად Tone მხოლოდ საცხობის სახით იყო წარმოდგენილი,  2011 წლიდან კი მისი სერვისი უფრო მრავალფეროვანი გახდა და საქმიანობის არეალიც გაფართოვდა.  

როგორც ნიკოლოზ ჩხეიძე აღნიშნავს, ქართული სამზარეულოს გახსნის მიზანი იყო, რომ ქართული კულტურისა და გასტრონომიის შესახებ ამერიკის კონტინენტზეც გაეგოთ, რაც მიღწეულია. თუკი 2011 წლამდე TONE CAFE-ს ძირითადი მომხმარებლები ქართველები და რუსულენოვანი მოქალაქეები იყვნენ, დღეს  ქართულ რესტორანს უკვე ამერიკელებიც სტუმრობს. მათი წილი კი დაახლოებით 80%-ს შეადგენს. 

,,დღესდღეობით აშშ-ში ძალიან ბევრი ახალი კვების ობიექტი გაიხსნა. თუმცა ისტორიულად პირველი თონე, რომელიც აშშ-ში გაიხსნა, ჩვენია. ფუნქციონირება მან ჯერ კიდევ 1997 წელს დაიწყო. თავდაპირველად ეს იყო პატარა თონე, სადაც ცხვებოდა ხაჭაპური, ლობიანი, მზადდებოდა ფხალეული.  აღნიშნული ობიექტი 2011 წელს შევიძინეთ. დღეს მისი მმართველია ჩემი პარტნიორი კობა ბოგდანოვი, რომელმაც ობიექტის განვითარებაში დიდი ძალისხმევა ჩადო. გავალამაზეთ ინტერიერი, იქვე გავხსენით მაღაზია და გავზარდეთ ასორტიმენტი. ამ ეტაპზე ყველა ძირითადი პროდუქტი აქვე მზადდება და იყიდება, მაღაზიის დახლებზე კი წარმოდგენილია როგორც რძის ნაწარმი, ასევე  თაფლი, ჩურჩხელა, ტკბილეული და სხვა. ინტერიერი მთლიანად ქართულ ტრადიციას მოვარგეთ, აქსესუარებიც ეროვნულია“, - აცხადებს ნიკოლოზ ჩხეიძე.

რაც შეეხება მენიუს, როგორც TONE CAFE-ს ხელმძღვანელი აღნიშნავს,  პურის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი კერძი ქაბაბია.

‘’ვფიქრობთ, რომ განსხვავებული მენიუ შევქმენით. პოპულარულია იმით, რომ გემოს არ ვცვლით, უკვე მრავალ წელს გაუძლო.  გაყიდვებში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა ხინკალი, რომელიც ყველას მოსწონს. ასევე ხორცეული, განსაკუთრებით  ხაში. სიახლე გვინდა შევთავაზოთ მომხმარებელს და მენიუს ასორტიმენტი გავამდიდროთ. გვინდა, რომ ქართული გემოებით გავამდიდროთ და  ამერიკულ სოციუმს მოვარგოთ“, - აცხადებს ნიკოლოზ ჩხეიძე.

რაც შეეხება ნედლეულს,  მისი შეძენა ადგილზე ხდება, თუმცა გარკვეულ ნაწილს პარტნიორები საქართველოდანაც აგზავნიან.

ცნობისთვის, TONE CAFE-ს  სახელწოდებით ბრუკლინში ქართული კაფე და მაღაზია ფუნქციონირებს. კომპანია 8 ადამიანს ასაქმებს, რომლის ძირითადი ნაწილი ქართველია.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.