ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ამერიკელი ყველის მასწავლებელი
19 ივნისი, 2022

თრევერ ვორმედალი, ქართველი ყველის ოსტატების ნახელავებს, თვალის ერთი შევლებისთანავე ცნობს.

ამერიკელი ყველის მასწავლებელი საქართველოშია და ქართული ყველის სამყაროში იმოგზაურებს

ქართული ყველის უკეთ გასაცნობად და შესასწავლად, საქართველოს, ყველის უბადლო მცოდნე, თრევერ ვორმედალი ეწვია. 

პროფესიით ანთროპოლოგმა, დიდებულ მეცნიერებას ახლებური ხედვა მოარგო და რძის პროდუქტების ხასიათისა და თვისებების შესწავლით დაინტერესდა. ასე იქცა ყველის ნატიფი ხელოვნება თრევერის ახალ გატაცებად და ცხოვრების მთავარ ემოციად.

BBC-ის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმიდან და სტატიებიდან, ქართული ყველის მკვლევრის, ანა მიქაძე-ჩიკვაიძის შესახებაც შეიტყო და აღმოაჩინა, რომ ქართველები ყველის მრავალფეროვან და ეგზოტიკურ სახეობებს აწარმოებენ. სამყაროს შთამბეჭდავი გზავნილი, თრევერისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისთვის ჯერ კიდევ უცნობ   საქართველოში მოგზაურობა დაეგეგმა და საკუთარი თვალით ენახა, ქართული ყველის უნიკალური და განსხვავებული სივრცე... 

ამერიკელი ყველის მასწავლებელი უკვე საქართველოშია და  ყველის ოსტატებთან მოგზაურობისთვის ემზადება. თრევერის  მოგზაურობა ორი თვის მანძილზე გაგრძელდება და ქართველ ფერმერებს, საკუთარ ცოდნას და გამოცდილებასაც გაუზიარებს. 

ყველის მკვლევართან, ანა მიქაძე-ჩიკვაიძესთან ერთად, თრევერმა უკვე მოიარა თბილისის ყველის სახლები და აგრარული ბაზრები და, საკუთარი თვალით ნანახი და განცდილი შთაბეჭდილებებიც გაუზიარა სოციალური ქსლების მეგობრებს.

ყველის სახლში სტუმრობისას, ამერიკელმა „ჯეიმს ბონდმა“, ქართველი ყველის უბადლო მცოდნე, ანა მიქაძე- ჩიკვაიძეც კი, სასიამოვნოდ გააოცა. კოხტად ჩამწკრივებულ ათობით ყველის სახეობას შორის, ყველა ყველის წარმომავლობა და ყველის ოსტატის ხელწერა ამოიკითხა. ანასთვის ეს, ყველაზე ამაღელვებელი მომენტია და მოგზაურობის ამბების გაზიარებაც, ამ შთამბეჭდავი ამბით დავიწყოთ, მით უფრო, ანასგან მეც მერგო ემოციური საჩუქარი, - ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტის სამზეოზე გამოტანა, ექსკლუზივად დამითმო... დიდი  მადლობა ანას ემოციური საჩუქრისთვის... 

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, ქართული ყველის მკვლევარი: 

-ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. როდესაც თრევერი ყველის სახლში შევიყვანე,  ჯერ გუდის ყველს შეხედა და თქვა, პარკშია დამზადებულიო, მერე მარლეტას ყველს დაავლო ხელი და მეუბნება „მარლეტას ყველიაო“. გამიკვირდა და ვკითხე, როდის მოასწრო ამ ყველაფრის ნახვა და გასინჯვა. აღმოჩნდა, რომ ქართული ყველის სახეობები, ინსტაგრამზე ჰონდა ნანახი. 

 მოკლედ, ყველა ყველს  იერით და ვიზუალით ცნობს.  ეს არის მთავარი. უცნაურად ჭკვიანი ბიჭია, უკვე მოვნათლე „ჯეიმს ბონდად“. ამ ადამიანს სურს, საქართველოში იმოგზაუროს და ქართული ყველის ისტორია მსოფლიოს გააცნოს.

შორეულ ქვეყანაში გამომგზავრებამდე, ქართული ყველის მკვლევარზე და ქართულ ყველზე,  იმდენად დაწვრილებით შეისწავლა ყველაფერი, ყურადღების მიღმა, ანას ფერწერით გადმოცემული ყველის ისტორიების უნიკალური კოლექციის ამბავიც არ დარჩენია...

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე:

ქართულ ყველზე წაკითხული აქვს საერთაშორისო მიმოხილვები, ნანახი აქვს ფილმები და უცხოური მედია გამოცემების მიერ მომზადებული სტატიები. ჩემი ყველა სტატია ზეპირად იცის. ძალიან აფასებს ჩემს საქმიანობას. ქართულ ყველზე უამრავი ინფორმაცია აქვს, ისტორიიდან დაწყებული, არქეოლოგით დამთავრებული. ისიც კი იცის, რომ 8000 წლოვანი საყველე ჭურჭელი გვაქვს...

როდესაც დამიკავშირდა და საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილების შესახებ მითხრა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ქართული ყველის ასეთ საფუძვლიან შესწავლას და ქართველ ფერმერებთან გრძელვადიან მუშაობას გეგმავდა. ვიფიქრე, გაიცნობს აქაურობას და წავა- მეთქი. სინამდვილეში სულ სხვა გეგმებით ჩამოვიდა. გარდა იმისა, რომ თავად ისწავლის ქართულ ყველს, ამერიკული და მსოფლიო ყველის ტექნოლოგიასაც გაგვიზიარებს. სურს ვალანტიორად იმუშაოს. ყველაფრით აღფრთოვანებულია, ამბობს, რომ მსოფლიოში იშვიათია  ამდენი ტიპის ყველის და ასეთ მრავალფეროვანი რძის კულტურის მქონე ქვეყნები.  რამდენიმე დღის წინ, ყველის სახლში დეგუსტაციის დროს, ცნობილი ფერმერი და ბიზნესმენი, ჯემალ ხატიაშვილიც მოვიდა, ბუნებრივია ჩვენს ამერიკელ მასწავლებელსაც გაესაუბრა და იქვე შეთანხმდნენ, რომ მათ რძის და ყველის საწარმოში წაიყვანდა. 

გადაწყვეტილი აქვს, ეგზოტიკური ყველის რეცეპტებიც გამოსცეს. ქართული ყველით, მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა თუ დაინტერესდება და ამერიკაშიც დაიწყებენ წარმოებას, ამ ამბავში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ. უპირველესად ეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაა. ცხადია, შეუძლია გაიტანოს უკვე დარეგისტრირებული ქართული ყველის სახეობების რეცეპტები და დაიწყონ წარმოება. პარმეზანს და მოცარელას ხომ ნახევარი მსოფლიო  აწარმოებს.

ქართული „ტენილით“ აღფრთოვანებული თრევერ ვორმედალის ქართული ყველის გზა, პირველად ტენილი ყველის უბადლო ოსტატის, გალინა ინასარიძის საწარმომდე მივა და საკუთარი თვალით ნახავს განუმეორებელი არომატის მქონე ყველის მომზადების საინტერესო სანახაობას. 

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე:

-პირველად უნიკალური ტენილის ოსტატს, გალინა ინასარიძეს ესტუმრება. გაიგო, რომ გალინა ფაშვის ყველსაც ამზადებს და ეს კიდევ უფრო უმძაფრებს გალინასთან სტუმრობის მიზეზს. განსაკუთრებით მოსწონს თუშური გუდის ყველიც, ამიტომ მესხეთის შემდეგ, თუშეთში გაემგზავრება. შემდეგ, ალბათ სვანეთს ეწვევა...

ზოგან მე გავყვები სტუმარს, ზოგან ჩემი შვილი, ზოგან მარტოც გაემგზავრება. მთელ ამ ამბავში, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უცხოელი მეყველე, ქართულ ყველს ძირფესვიანად შეისწავლის. ეს პირველად ხდება ქართული ყველის ისტორიაში.

ავტორი: შორენა მერკვილაძე

ფოტო ანა მიქაძე-ჩიკვაიძე & თრევერ ვორმედალი

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.