ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორ დაიწყო პოსტპანდემიური ზაფხულის სეზონი სასტუმრომ 3014 მეტრის სიმაღლეზე
29 ივნისი, 2022

„ამინდმა და სტიქიურმა მოვლენებმა ცოტა  დაგვაზარალა და რამდენიმე ჯავშანი გაგვიუქმდა, თუმცა ივლისსა და  აგვისტოში ტურისტების აქტიურ ნაკადებს ველოდებით“, -  ამის შესახებ „კომერსანტს“ ყაზბეგის რაიონში, მყინვარის მისადგომებთან, ზღვის დონიდან 3014 მეტრზე მდებარე სამთო ქოხის  „ალტიჰათის“ მმართველმა პარტნიორმა ნიკოლოზ ალავიძემ უთხრა. მისი თქმით, „ალტიჰათმა“ სეზონი ივნისის  დასაწყისში დაიწყო და მათ ძირითადი სეგმენტი ევროპის ქვეყნებიდან შემოსული, ექსტრემალური გართობისა და ბუნების მოყვარული ტურისტები არიან.

„საკმაოდ აქტიურად ვმუშაობდით, სამწუხაროდ ამ ამინდებმა და  სტიქიურმა მოვლენებმა დაგვაზარალა, რამდენიმე იაპონელმა, რომელთაც უკვე თანხა გადახდილი ჰქონდათ, ჯავშანი გაგვიუქმა. მაგრამ ეს „ალტიჰათის“ თანმდევი პროცესია და ამ საკითხს  გაგებით ვეკიდებით, სტიქია ძალიან  გვაზარალებს, მოსასვლელები ჩახერგილია, მაგრამ ამას  წინასწარ ვერავინ გათვლის, თუმცა კარგი მხარეც აქვს,  ეს  ნაკადი თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებზე მაინც გადანაწილდება“, -  ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.

ალავიძის  თქმით ზაფხულისთვის ჯავშნები ძირითადად  აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის  ქვეყნებიდანაა, გარდა ამისა უკავშირდებიან ვერტმფრენიების კომპანიები, რომლებიც ტურებს აწყობენ, ნიკოლოზ ალავიძე ზაფხულისთვის ამ მიმართულების გააქტიურებასაც ელოდება. „წელს მაინც გაზრდილ ნაკადებს ველოდებით. მყინვარწვერის მიმართულებით წამსვლელ  ალპინისტებს რაც ეხება, მყინვარის სეზონი ივლისის ბოლოდან იწყებდა და ტრადიციულად  მათაც ვუმასპინძლებთ, მთავარია ამ სტიქიამ გადაიაროს“,  - ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.

ალავიძე ამბობს, რომ  „ალტიჰათის“ მომსახურების  თვითღირებულება ძალიან გაძვირდა, თუმცა ცდილობენ ტურისტებისთვის ფასებზე ეს ცვლილება არ ასახონ. მთაში, სადაც სამანქანო გზა არ არის, პროდუქტის ამტანა  ცხენებით და ვერტმფრენით უწევთ, ნარჩენებიც ამავე გზით, ვერტმფრენით გადააქვთ, ამბობენ „გარემოზე და სისუფთავეზე ზრუნვა  ჩვენი პასუხისმგებლობააო“.

„ალტიჰათი“ ზღვის დონიდან  3014  მეტრზე მდებარეობს, იქ მოსახვედრად გზა  გერგეტის სამებიდან იწყება და  5.5 კმ-იანი საფეხმავლო საშუალო სირთულის გზის გავლაა საჭირო. იდეა 2015 წელს სამ მეგობარს პროფესიით ბანკირ ნიკოლოზ ალავიძეს,  ინჟინერ - მშენებელ  დავით  ჭიჭინაძეს და სამთო -  სამაშველო  სამსახურის დამფუძნებელს მამუკა  ნიკოლაძეს გაუჩნდათ და ევროპული პრაქტიკის საქართველოში დანერგვა გადაწყვიტეს. „ალტიჰათი“ მყინვარწვერზე ამსვლელ ალპინისტებს, მოლაშქრეებს და უბრალოდ ველური ბუნების მოყვარულებს მასპინძლობს. სამთო თავშესაფარ-სასტუმრო „ალტიჰათის“ მფლობელები რამდენიმე ათეული ნომრიდან, რამდენიმეს თავისუფალს ტოვებენ, რადგან „არის ხოლმე შემთხვევა როდესაც ადამიანს  მთაში უღამდება, ან რამე  ინციდენტი ხდება და სიარულის გაგრძელება აღარ  შეუძლია, ეგეთ შემთხვევაში ღია ცის ქვეშ ვერავის დავტოვებთ“, - ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.