ანაკლიაში წელს გარდამავალი პერიოდი გამოცხადდება და ამ გარდამავალ პერიოდში არაერთი პროექტი განხორციელდება.
„ანაკლია წელს გარდამავალ პერიოდში იმუშავებს. ჩატარდება რამდენიმე მუსიკალური weekend-ი, მათ შორის ერთი ვრცელი, 4-დღიანი მუსიკალური weekend-ი. ასევე კვირის დღეებში დაგეგმილია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის ხელშემწყობი ღონისძიებების და ბუთკემპების ჩატარება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
უახლოეს პერიოდში გამოცხადდება მხარდაჭერის 3 ან 5-წლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ანაკლიაში ღონისძიებების სტაბილურ გრაფიკს - ყოველწლიური ფესტივალის არსებობას და ამ ფესტივალის გრძელვადიანად მხარდაჭერას.
Check in Georgia-ს წლევანდელი პროექტის ფარგლებში ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს. პროექტი თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებს მოიცავს.
წლევანდელი Check-in Georgia-ს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა თითქმის ყველა მასშტაბური ფესტივალი, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური და ფოტო ფესტივალები, რეგიონალური თეატრების ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea და სხვა. ჩექინს შემოუერთდნენ ოუფენ ეარი, 4 GB და სხვა.
Check in Georgia-ს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება.
Check in Georgia 2018-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. მისი თქმით, პროექტი Check in Georgia მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ საქართველოში ჩამოსულ მილიონობით ტურისტს შევთავაზოთ საინტერესო და მრავალფეროვანი და დატვირთული პროგრამა, რომ ისინი სამშობლოში უკეთესი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
„პროექტი Check in Georgia დადებითად მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე. საერთაშორისო კომუნიკაციების გზებით მთელ მსოფლიოს ვატყობინებთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო და დინამიური ქვეყანა სადაც მსოფლიო გრანდები ატარებენ კონცერტებს, შედეგად იზრდება ჩვენი ქვეყნის ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით.
წლევანდელი Check in Georgia- მრავალფეროვანი იქნება. მოეწყობა მსოფლიო კლასიკოსების ნახატების გამოფენა, გაიმართება სხვადასხვა კონცერტი," - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
www.travelingeorgia.ge