„ანაკლია სითის“ მენეჯმენტი, აღმასრულებელი დირექტორის, ქეთევან ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით 27-28 ივნისს საქმიანი ვიზიტით ჰონგ კონგში გაემგზავრება, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო და პარტნიორ კომპანიასთან შეხვედრებს გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში „ანაკლია სითისა“ და კომპანია China merchants da Kerry logistics-ის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
ქეთი ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს ჰონგ კონგში გლობალურ კონფერენციაში „Belt and Road Summit” და როგორც კონფერენციის სპიკერი, ჩინელ და საერთაშორისო ინვესტორებს ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის პროექტებს წარუდგენს. სამიტზე 3000 -მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, ინიციატივა „სარტყელისა და გზის“ მონაწილე ქვეყნების სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და საერთაშორისო ინვესტორები. Belt and Road Summit-ი ორიენტირებულია ინიციატივის მონაწილე ქვეყნების ბიზნესშესაძლებლობებისა და აზიის რეგიონში ინვესტიციების ხელშეწყობაზე.
კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავუსუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ამასთანავე, ღონისძიების სპეციალური ფოკუსი საქართველოს ბიზნესშესაძლებლობებია.
„ანაკლია სითი“ ასევე შეხვედრებს გამართავს ანაკლიის პროექტით დაინტერესებულ ინვესტორებთან, მათ შორის China Merchants Group-ის მენეჯმენტთან, ვისთანაც „ანაკლია სითის“ გუნდი სამომავლო თანამშრომლობასა და კორპორაციის ინტერესს განიხილავს. „სარტყელი და გზის ინიციატივის“ მონაწილე China Merchants Group-ი 20 ქვეყნის 53 პორტში ოპერირებს და ქმნის პორტების, ლოგისტიკის, ფინანსურსა და ინდუსტრიული პარკების გლობალურ ქსელს. შეხვედრა გაიმართება Hong Kong International Arbitration Center-ის წარმომადგენლებთანაც.
Kerry Logistics-ი, რომელთანაც „ანაკლია სითი“ მემორანდუმს მოაწერს ხელს, აზიის რეგიონში სატრანსპორტო და ლოგისტიკური სერვისების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია და აბრეშუმის გზის ინიციატივის აქტიური მოთამაშეა.
კომპანია „ანაკლია სითიმ“ ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე მუშაობა 2017 წლის ივნისში დაიწყო. კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორთან ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის, ისევე როგორც საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის წარმოსაჩენად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციაზე მუშაობა. ქალაქი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებით განვითარდება და მასში გაშენდება როგორც ინდუსტრიული პარკი, ასევე საცხოვრებელი კომპლექსები, გამოიყოფა საგანმანათლებლო ტერიტორია, საოფისე ფართები, მოეწყობა რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, საგამოფენო სივრცეები და პავილიონები. „ანაკლია სითი“ მოიაზრება, როგორც სატელიტური ქალაქი, სადაც ურბანული დაგეგმარება დაეფუძნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებას, რაც გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და გახდის მას უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს .
www.travelingeorgia.ge