ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ანაკლიაში 12 მილიონ ლარად 11 სართულიანი სასტუმრო აშენდება
28 აპრილი, 2021

2020 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ანაკლიაში სასტუმრო კომპლექსის მოსაწყობად ეკონომიკის სამინისტრომ პროგრამის 100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს ფარგლებში ინვესტორ კომპანია VM Industries-ს 4 946 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა. აღნიშნული კომპანიის მფლობელები საქართველოს მოქალაქეები ვლადიმერ ფანგანი და ლინა მა არიან, რომელიც წარმოშობით ჩინეთიდანაა.

ჰესები, ენერგეტიკა, ოქროს, ნავთობისა და გაზის მოპოვება და ახლა უკვე სასტუმრო ბიზნესი - ანაკლიის სასტუმროს ახალი ინვესტორები ვლადიმერ ფანგანი და ლინა მა საქართველოში უკვე არაერთ საკმაოდ ცნობილ პროექტში ფიგურირებენ, რომელთა ნაწილმა ხმაურიც გამოიწვია.

„კომერსანტი“ ბიზნესმენ ვლადიმერ ფანგანს დაუკავშირდა პროექტის მსვლელობისა და იმის გასარკვევად თუ როდის შეემატება ანაკლიას ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო. ბიზნესმენი გვიყვება, რომ ამჟამად პროექტი დამუშავების ეტაპზეა, თუმცა 2 წელიწადში სამეგრელოს ზღვის კურორტზე 12 მილიონიანი , 11 სართულიანი სასტუმრო გაიხსნება.

„ჩვენ ვთვლით, რომ ანაკლია ისევ ძალიან პერსპექტიული ხდება. ანაკლიის პორტის სავარაუდო აშენების გამო, აქ სასტუმროს გახსნა პერსპექტიულ,  ეკონომიკურად მომგებიან  და დროულ გადაწყვეტილებად მიგვაჩნია.  ახლა ვამუშავებთ პროექტს, რომელიც ძალიან ძველი იყო და მოითხოვს დახვეწას. ახალ პროექტზე ქართველი მსოფლიო დონის არქიტექტორები მუშაობენ-Kobulias & partners-იდან.   ახლა მიდის განსაზღვრა, როგორი მიმართულებით უნდა იყოს აშენებული სასტუმრო.

სასტუმრო იქნება 10 ან 11 სათულიანი, იქნება ასამდე ნომერი, მას ექნება საკონფერენციო დარბაზები, რესტორნები, დახურული აუზი. უცხოურ არცერთ ბრენდთან ჯერჯერობით მოლაპარაკება არ გვაქვს, საკუთარი სახელიც გვინდა განვივითაროთ და ამასაც თავისი არგუმენტები გააჩნია.

გვინდა, რომ 2 წელიწადში დავასრულოთ მშენებლობა. თუმცა, როცა შევიძინეთ პროექტი იქ უკვე აშენებული იყო 4 სართული.  ეს გარკვეულწილად ბოჭავს არქიტექტორებს და საკმარისად არ აქვთ მანევრირების საშუალება პროექტის დამუშავებისას.

ანაკლიის სასტუმროს დასრულებას 10-12 მილიონი ლარი ჰყოფნის,“ - გვიყვება ბიზნესმენი.

არქიტექტურულ კომპანია kobulia&partners-ს ასევე ეკუთვნის თბილისში „სოკარის“ სათავო ოფისის არქიტექტურული დიზაინის პროექტი.

ანაკლიაში სასტუმრო-კომპლექსის მოსაწყობად 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.  აღნიშნული ქონება აუქციონზე სიმბოლურ ფასად ორჯერ იყო გატანილი. თავდაპირველი პირობის მიხედვით, გამარჯვებულს კომპანიას არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. მეორედ გამოცხადებულ აუქციონზე კი პირობები შეიცვალა და ამჯერად 5 000 000 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აქვს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.