ეს იყო ძალიან არაორგანიზებული სეზონი, რომელმაც იმედები გაგვიცრუა. - ასე აფასებენ ანაკლიელები "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას წლევანდელ სეზონს.
როგორც ჩვენთან საუბარში ანაკლიის მცხოვრებმა ნათია ფიფიამ განაცხადა, დაანონსებული იყო ძალიან ბევრი ტურისტისა და დამსვენებლის ჩამოსვლა. მართლაც ჩამოვიდნენ, მაგრამ ერთი თვის ნაცვლად, ერთ კვირაში ან 10 დღეში დაბრუნდნენ უკან.
"როდესაც სხვები გვირეკავდნენ ბინების თაობაზე, ვეუბნებოდით, რომ ყველა ოთახი დაკავებული იყო, რადგან გვეგონა, ჩვენი მდგმურები ერთი თვე დარჩებოდნენ. ასე გვეუბნებოდნენ იმ ტურისტული კომპანიების ოპერატორები, რომლებიც ამ პროცესში ადრიანი გაზაფხულიდან არიან ჩართული. ქირის თანხას თავად გვთავაზობდნენ, წილი თავადაც მიჰქოდნათ და რასაკვირველია, მათ ინტერესებშიც შედიოდა, რომ მეტი დამსვენებლი მოეყვანათ. მაგრამ შემდეგ გვითხრეს, რომ მთლიანობაში, სეზონით თავადაც იმედგაცრუებულები დარჩნენ. არადა, სულ მზიანი დღეები იყო, ფასებიც დაწეულია, მაგრამ მდგმურები მაინც მიდიან. როგორც თვითონ გვეუბნებიან, მოგვწყინდა, რამდენიმე მეტრია სულ გასართობი ადგილი, იმის იქით კი, ჩვეულებრივი ხრიოკიაო,"- ამბობს კიდევ ერთი ანაკლიელი ნანა დარსია.
ადგილობრივების განცხადებით, მცირედი შეღავათია ერთდღიანი ჯგუფები, ისინი ვინც თბილისსა და სხვადასხვა ქალაქებიდან ერთი ან ორი დღით ჩადიან და ღამის ქირას იხდიან.
"რამდენიმე შემთხვევა იყო, 5-6 ადამიანი ჩამოვიდა და ერთ ღამეში 100-150 ლარი დაგვიტოვა. კვირაში სამჯერ ასეთი ვიზიტორების ჩამოსვლა ჩვენთვის შეღავათია, მაგრამ ამის იმედზე ვერ ვიქნებით, არასტაბილურია", - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი, რომლის თქმითაც, სეზონის დასრულების შემდეგ, იმედი აქვთ, რომ ქალაქ ანაკლიის მშენებლობა გაგრძელდება.
ადგილობრივების თქმით, საოჯახო სასტუმროებში დამსვენებელთა სიმცირის ფონზე, ყველა დიდი სასტუმრო შევსებულია. სასტუმროების მენეჯერების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლომდე ყველა ნომერი დაჯავშნილია.
დამსვენებელთა რაოდენობის მხრივ გაცილებით უკეთესი მდგომაროებაა განმუხურში, სადაც ზღვა ძალიან სუფთაა და ფასებიც თავიდანვე დარეგულირებული იყო.
"ნორმალური სეზონია. ყოველ შემთხვევაში, ანაკლიაში რომ ამბობენ, კაფე-ბარები ცარიელიაო, ჩვენთან განსხვავებული სურათია. მუდმივად გვყავს ვიზიტორები და არც უკმაყოფილება მახსოვს ვინმესგან. შეიძლება ამის მიზეზი ისიც არის, რომ აქ გაცილებით მეტი გასართობი ადგილია და წყალიც სუფთაა. აქედან აფხაზეთი ჩანს და იმიტომ გვიყვარსო, გვეუბნებიან დამსვენებლები", - ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი კაფის მენეჯერი.
bpn.ge