ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკური განვითარების მიზნით სასწავლო ცენტრი და საგრანტო პროგრამა იხსნება
01 მარტი, 2019

დღეს ანაკლიაში, სასტუმროში „პალმ ბიჩში“, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ (ADC) გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში ანაკლიის სასწავლო ცენტრი გახსნეს და საგრანტო პროგრამა გამოაცხადეს. 

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და USAID-ის „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს. პროექტის ამოცანა არის რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, ასევე პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება. 

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში, სასწავლო ცენტრი ანაკლიის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ბაზრისთვის მოთხოვნად სასწავლო კურსებს შესთავაზებს. სასწავლო ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობის დასაქმებას, ასევე პორტისა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფარგლებში შექმნილი და არსებული ბიზნესების განვითარებას. სასწავლო კურსები მოიცავს სხვადასხვა დარგებს, მათ შორის, მეწარმეობას, ბიზნეს-ადმინისტრირებას, ტურიზმსა და სოფლის მეურნეობას, ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების შესწავლას. ყოველივე ეს კი, ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლებას და რეგიონის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. 

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში, ასევე ცხადდება საგრანტო კონკურსი აგრარული, ტურისტული თუ სხვა მიმართულებებით, რაც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას და თანმდევ ტრენინგებთან ერთად მოსახლეობის ბიზნეს და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებას ემსახურება. 

„ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა“ ანაკლიასა და მეზობელ სოფლებს დაეხმარება, მომზადებულნი შეხვდნენ და უკეთესად აითვისონ ეკონომიკური განვითარების ის ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც მათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი სთავაზობს. ანაკლიის პორტის 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ახორციელებს. ახალი ღრმაწყლოვანი პორტი ახალ რეგიონალურ და ეკონომიკურ კვანძად და აზიასა და ევროპას შორის მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფნად მოიაზრება. ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის დასრულება 2020 წლის ბოლოს იგეგმება, ეს პერიოდია 

გათვალისწინებული USAID-ის პროექტ „ზრდა“-სა და ADC-ის ერთობლივი პროგრამის განავითარებისთვისაც. 

„ჩვენი მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და დასაქმება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და რეგიონის განვითარება. ძალიან სასიხარულოა, რომ ამ საქმეში ასეთი ძლიერი პარტნიორები გვყავს. დარწმუნებული ვარ, ერთად ჩვენ შევძლებთ გავაძლიეროთ რეგიონი, დავასაქმოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი და პორტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ რაც შეიძლება მეტი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი გვყავდეს“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.