ანაკლიაში ელექტრონული ფესტივალების სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარია დახარჯული.
რამდენიმე დღის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ წელს მთავრობა ანაკლიაში ფესტივალებს ნაღდი ფულით არ დააფინანსებს.
“ანაკლიის ფესტივალზე ჩვენ პრაქტიკულად მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ნაღდი ფულის შეტანით ამ ფესტივალს ვერ დავაფინანსებთ, მაგრამ თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ ეს ფესტივალი ჩაატაროს ჩვენ, როგორც მთავრობა ინფრასტრუქტურულად და ჯანდაცვის მომსახურების დაცვით უზრუნველყოფთ ამ ფესტივალს, არ მიგვაჩნია რომ წელს ნაღდი ფულით უნდა დავაფინანსოთ ეს ფესტივალი”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ bm.ge-ის კითხვაზე პასუხად.
სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშე, დაინტერესდება თუ არა კერძო სექტორი ანაკლიაში ელექტრონული ფესტივალის ჩატარებით, ჯერჯერობით, უცნობია.
შეგახსენებთ, გასულ წელს ანაკლიაში ელექტრონული ფესტივალი „ECHOWAVES“ ჩატარდა, რისთვისაც პროექტ “ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში, ტურიზმის ადმინისტრაციამ ორგანიზატორებს 4.1 მლნ ლარი გადაურიცხა.
რაც შეეხება Gemfest-ს, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა გიორგი სიგუამ დააფუძნა, ის ანაკლიაში სულ სამჯერ ჩატარდა – 2015, 2016 და 2017 წლებში. პირველი Gemfest სიგუამ სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის გარეშე გამართა, ხოლო მეორე და მესამე წელს კი, ‘ჩექინ ჯორჯიას’ ფარგლებში, ჯამში, 6 მლნ ლარით დაასუბსიდირეს.
ანაკლიაში პირველი ელექტრონული ფესტივალი “კაზანტიპი” ნიკიტა მარშუნოკმა გამართა. მაშინ მისი პარტნიორი, ასევე გიორგი სიგუა იყო.
ცნობისთვის: მთავრობას ანაკლიაში ელექტრონული ფესტივალების ეფექტიანობა არასდროს გაუზომავს. მთავარი “საზომი” გაყიდული ბილეთების რაოდენობა იყო, რომელიც ბევრად ჩამორჩებოდა, ზოგადად, ფესტივალებზე დამსწრეთა რიცხვს. მაგალითად, “ECHOWAVES”-ის ორგანიზატორების ინფორმაციით, 2018 წელს, ანაკლიაში ფესტივალს 40,000-მდე ადამიანი ესწრებოდა, მაგრამ სულ 11,000-მდე ბილეთი გაიყიდა, საიდანაც მხოლოდ 3,000-მდე ბილეთი იყიდეს უცხოელებმა.