ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 1000 ჰექტარის ფართობზე ქალაქი ანაკლია გაშენდება
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებასთან ერთად ქალაქ ანაკლიის პროექტის განვითარება იწყება. ახალ კომპანიას, რომელიც ქალაქს განავითარებს, ქეთი ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს. ბოჭორიშვილი ამ დრომდე საქართველოს მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
ქალაქ ანაკლიას კომპანია „ანაკლია სითი“ განავითარებს, რომლის თანადამფუძნებლები „თიბისი ჰოლდინგი“ და „კონტი ჯგუფი“ არიან. იმავე კომპანიებმა დააფუძნეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტის მშენებლობისა და განვითარების პროექტს ახორციელებენ.
„ქალაქი ანაკლია - ეს არის მომავლის ქალაქი, რომლის განვითარების მთავარი მიზანია ჩავებათ გლობალურ კონკურენციაში, შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკურად მიმზიდველი, წამყვანი ბიზნეს და საცხოვრებელი გარემო თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საუკეთესო მდებარეობით. ჩვენ საუკუნის პროექტისთვის გამორჩეული პროფესიონალების გუნდს ვაყალიბებთ და მოხარულნი ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან მიმართულებას ქეთი ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს“, - განაცხადა „თიბისი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.
ქალაქი ანაკლია, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად მოიაზრება, ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 1000 ჰექტარის ფართობზე გაშენდება.
ქალაქში გაშენდება და განვითარდება როგორც ინდუსტრიული პარკი, ასევე საცხოვრებელი კომპლექსები, გამოიყოფა საგანმანათლებლო ტერიტორია, საოფისე ფართები, მოეწყობა რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, საგამოფენო სივრცეები და პავილიონები.
www.bm.ge