„ჩვენი სასტუმრო და მთლიანად კურორტი დამოკიდებულია ფესტივალ Echowaves-ის ამ ოთხ დღეზე, სხვა აქ არაფერი ხდება.“ –ასე აფასებს განმუხურში მდებარე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს Anaklia Resort Pratap’s Signature-ის მენეჯერი მაია მურაჩაშვილიზაფხულის სეზონს სამეგრელოს ზღვისპირა ქალაქში.
ანაკლიის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის Echowaves-ის დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა და ადგილობრივი სასტუმროები მოუწესრიგებელ ინფრასტურქტურაზე და ანაკლიის, როგორც ტურისტული რეგიონის არაცნობადობაზე საუბრობენ.
ივლისის მიწურულია და გარეთ რომ გახვიდეთ ნახავთ, რომ ბულვარი გადათხრილია, იმის ნაცვლად, რომ ეს ბულვარი აპრილ-მაისში მოწესრიგებულიყო, ახლა კეთდება. ფესტივალის მთავარი სცენა ჯერ კიდევ დასამთავრებელია და ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი ,რომელიც სეზონამდე უნდა გაეხსნათ, ორ ნოემბერს ბარდება. იმ ტურისტებისთვის ვინც ქალაქში არიან დიდი დისკომფორტია, უნდა გადაიარო გადათხრილი ბულვარი და მერე გადახვიდე ზღვაზე. შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულისთვის მზადება გვიან დაიწყო და ნელა მიმდინარეობს.“ – აცხადებს მაია მურაჩაშვილი
რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას რეგიონში Anaklia Resort Pratap’s Signature-ი ძირითადად ბიზნეს შეხვედრებს ახორციელებს, თუმცა დამსვენებლები მხოლოდ ივლის-აგვისტოში აქტიურობენ.
„Echowaves-ის პერიოდისთვის ფაქტობრივად დაჯავშნილია ნომრები, მაგრამ ჩვენ ძირითადად, ბიზნეს შეხვედრებზე ვმუშაობთ, დამსვენებელი კი მხოლოდ ივლის-აგვისტოში გვყავს. ქართველებთან ერთად თანაბრად მოდიან ფრანგები, შვეიცარიელები, ინგლისელები.
ტურისტებისთვის მიმზიდველები რომ გავხდეთ, სხვადასხვა ღონისძიებებს საკუთარი ძალებით ვახორციელებთ – ინფოტური ჩავატარეთ, ჩამოვიყვანეთ ტურისტული კომპანიები, გვქონდა ურთიერთობა ზუგდიდის ტურიზმის მმართველობით ორგანოსთან.
ისეთი პოტენციალი აქვს ამ სასტუმროს და ამ რეგიონს, რომ ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა მოლოდინს ამართლებს. ის ვერ გამოიყენებს პოტენციალს ბოლომდე, თუ ანაკლია-განმხურის, როგორც კურორტის გაპიარების მეტი მცდელობა არ იქნება.“ – აღნიშნავს მაია მურაჩაშვილი.
Anaklia Resort Pratap’s Signature ანაკლიაში, კერძოდ განმუხურში ინდური ინვესტიციით გახსნილი 5–ვარსკვლავიანი კოტეჯური კონცეფციის სასტუმროა, რომლის მშენებლობაშიც 10 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
commersant.ge