ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ანალიტიკოსის აზრი: რატომ ვერ გაიმეორებს სომხეთი საქართველოს წარმატებას ტურიზმში?
14 იანვარი, 2019

ტურისტულ ინდუსტრიაში საქართველოს შთამბეჭდავი წარმატებების გამეორება სომხურ ტრადიციულ ფასეულობებზე დაყრდნობით შეუძლებელია – მიიჩნევს საერთაშორისო საკითხების ერევნის ინსტიტუტის დირექტორი სტეფან საფარიანი.

„მეზობელ საქართველოში ტურიზმის ყოველწლიური ზრდა არის მიზეზების და ფაქტორების კომპლექსის შედეგი – მათ შორის ერთ-ერთია ქვეყნის ფასეულობები, ლიბერალური თავისუფლებები და ტრადიციული სტუმართმოყვარეობა. არასპეციალისტებისთვისაც კი ცხადია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან, სომხეთს შეუძლია დაიკვეხნოს მხოლოდ სტუმართმოყვარეობით, მაგრამ ეს არაა საკმარისი“ – თვლის ექსპერტი.

მისი აზრით, პრობლემას ქმნის ის, რომ სომხების ცნობიერებაში არის უამრავი ფილტრი და კომპლექსი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი არ უნდა იყოს ქვეყანაში ჩამომსვლელი უცხოელი.

„სომხეთში არ უნდა ჩამოვიდნენ გეები, ცუდად ჩაცმულები და ფეთხუმები, ტურისტებს არ უნდა ეცვათ მყვირალად, ჩვენთვის უჩვეულოდ, და გამომწვევად, ისინი არ უნდა დადიოდნენ ქუჩაში მთვრალები. აქედან გამომდინარე, ჩვენთან არ უნდა ჩამოვიდნენ ტურისტები ინდოეთიდან, ირანიდან, არაბული ქვეყნებიდან, რუსეთიდან, ევროპა-ამერიკიდანაც კი. ჩნდება კანონზომიერი კითხვა – მაშ ვინ უნდა ჩამოვიდეს, ვისი ხილვა გვსურს სომხეთში, სად მოვძებნოთ ტურისტები, რომლებიც დახარჯავენ ჩვენს ქვეყანაში ფულს და ამავე დროს შეეფერებიან ჩვენს წარმოდგენებს მორალზე?“ – ამბობს საფარიანი.

სწორედ მსგავსი ფილტრების და შეზღუდვების არარსებობა გახდა საქართველოს ტურისტული წარმატების ერთ-ერთი საწინდარი – გარდა პოლიტიკური, ეკონომიკური, და კომუნიკაციური ფაქტორების.

„საქართველოში არ არსებობს „არასასურველი“ ტურისტის კატეგორია. სწორედ ასე იქცევიან ყველა მოწინავე ტურისტულ ქვეყნებში, რომლებიც ეგუებიან ჩამომსვლელ სტუმართა მრავალფეროვნებას, და ხშირ შემთხვევაში, უჩვეულობას. სომხები კი კვლავ ვრჩებით უკიდურესად ჩაკეტილ ერად, რომელსაც გააჩნია რაღაც განსაკუთრებულობის შეგრძნება. ამიტომაც ვერ ვეგუებით ტურისტებს, რომელთა გარეგნობა და საქციელი ეწინაამღდეგება სომხურ წარმოდგენებს. არადა, ნებისმიერ მოვლენას მოაქვს არა მხოლოდ ფული და მოგება, არამედ არასასურველი მოვლენებიც – მაგალითად, ტურისტული ქალაქები ყოველთვის უფრო მეტად ნაგვიანდება. სომხებმა ბოლოს და ბოლოს უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა – ტურიზმის და სახელმწიფოს განვითარება, თუ საკუთარი გამორჩეულობით დაუსრულებელი ტკბობა“ – თვლის ექსპერტი.

arminfo.info


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.