ანანურის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
ანანურის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომპლექსზე არსებული ვითარების გამოსასწორებლად სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ვითარების კომპლექსურ გადაწყვეტამდე, რაც მომდევნო წლიდან ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული მოწყობის პროექტის წარმართვას ითვალისწინებს, პრევენციულ გადაწყვეტილებებს სააგენტო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და საქართველოს საპატრიარქოსთან ერთობლივად შეიმუშავებს.
არსებული გარემოებიდან გამომდინარე, დროებითი ღონისძიებებით ანანურის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე აღიკვეთება ვიზიტორთა ჯგუფების უკონტროლო ქმედებები, რაც უპირველესად უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფითა და ძეგლთა დაცვითი პრინციპებით იქნება ნაკარნახევი. პრევენციული გადაწყვეტილებების შედეგად გამოირიცხება ვიზიტორთა ჯგუფების მიერ არქიტექტურული კომპლექსის ცალკეული სტრუქტურული სეგმენტების მექანიკური დაზიანებების ალბათობა და გამოუსწორებელი ხარვეზების შექმნის რისკი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
Commersant.ge