აპარტამენტები, იახტ კლუბი, რეკრეაციული ზონა - ბათუმის რივიერას და სილქ თაუერის პროექტების განხორციელება იწყება
„სილქ თაუერის“ და „ბათუმი რივიერას“ პროექტების განხორციელება იწყება. კომპანია “სილქ როუდ ჯგუფმა” არქიტექტურული დიზაინის და გეგმარების წამყვან კომპანია „ჩეპმენ ტეილორთან“ მოლაპარაკებები უკვე დაასრულა. სწორედ ის იზრუნებს პროექტის არქიტექტურულ დიზაინსა და გეგმარებაზე.
ბათუმი რივიერას პროექტი მოიცავს „სილქ თაუერის“, საცხოვრებელ აპარტამენტების, იახტ კლუბისა და დამატებით 2 ჰექტარის ფართობის სალანდშაფტო-სარეკრეაციო პარკის კომპონენტებს. პარკი რჩება სახელმწიფო საკუთრებაში, როგორც ბათუმის ბულვარის განუყოფელი ნაწილი. აჭარის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ტერიტორიას მიენიჭება ძეგლის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ პარკის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები არ განთავსდება.
პარკი ერთიანი ლადშაფტური კონცეფციის ნაწილი იქნება, რომლის განვითარებაზეც, აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით, „ჩეპმენ ტეილორი“ იმუშავებს, მის სამომავლო მოვლა-განვითარებაზე „სილქ როუდ ჯგუფი“ იზრუნებს.
პროექტის კიდევ ერთი პარტნიორია – კომპანია „ბათუმის იახტ კლუბი“, რომელიც იახტ კლუბის მართვის ვალდებულებას მინიმუმ 20 წლის ვადით იღებს. საწყის ეტაპზე იახტ კლუბში 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელსაც „ბათუმის იახტ კლუბი“ და “სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად განახორციელებენ.
მაშტაბური და მრავალფეროვანი პროექტის ფარგლებში ძირითადი აქცენტი გამწვანებაზე გაკეთდება. პროექტის პირველი ეტაპის პრეზენტაცია 2018 წლის აგვისტოში გაიმართება და დაიწყება მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის პირველი ფაზის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 65 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
პროექტი „საქართველოს თანაინვესტირებიის ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
www.travelingeorgia.ge