ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აპრილში Airbnb-ზე დადებული ბინების რაოდენობა 10.2%-ით შემცირდა - Galt&Taggart
19 მაისი, 2022

Airbnb-ზე მოთხოვნის აღდგენა შენელდა 2022 წლის აპრილში (2019 წლის დონის 62.0%) მარტთან შედარებით (2019 წლის დონის 91.1%), რაც განპირობებულია Airbnb-ზე დადებული ბინების რაოდენობის შემცირებით და გრძელვადიან გაქირავებაზე გადასვლით - აპრილში Airbnb-ზე დადებული ბინების რაოდენობა, წინა თვესთან შედარებით, 10.2%-ით შემცირდა. ამის შესახებ Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

Galt&Taggart-ის ინფორმაცით, ბინების მფლობელების მიერ გრძელვადიანი გაქირავების პრეფერენციას ასევე მოწმობს ეროვნული ბანკის უძრავი ქონების ქირის ინდექსი, რომელიც 2022 წლის აპრილში წლიურად 71.6%-ით გაიზარდა (+21.7% 2019 წლის აპრილთან შედარებით), რაც ასახავს ბინების იჯარაზე დიდ მოთხოვნას.

რაც შეეხება სასტუმროებს, თბილისის საშუალო და დიდ სასტუმროებზე მოთხოვნა მცირედით გაიზარდა - პოს ტერმინალებით გადახდები თბილისის საშუალო და დიდ სასტუმროებში აღდგა 2019 წლის დონის 65.7%-მდე ან 114.3%-ით წ/წ 2022 წლის აპრილში.

„თბილისში Airbnb-სა და სასტუმროების ბაზრების აღდგენის განსხვავებული დინამიკა აიხსნება მიგრანტებისა და ტურისტების განსხვავებული მოთხოვნებით. მიგრანტები იმაზე დიდი ხნით დარჩენას აპირებენ, ვიდრე ტურისტები. ამიტომ, ისინი სასტუმროებთან შედარებით უფრო იაფიან ვარიანტებს ეძებენ და ზოგჯერ გრძელვადიანი ქირავნობის ხელშეკრულების დადებას ირჩევენ Airbnb-ის გამქირავებლებთან.

აპრილში სასტუმროს შემოსავლების აღდგენა აჭარაში საკმაოდ კარგი იყო (პოს ტერმინალებით გადახდები აჭარის საშუალო და დიდ სასტუმროებში აღდგა 2019 წლის დონის 132.3%-მდე ან 115.6%-ით წ/წ 2022 წლის აპრილში), რაც აიხსნება ტურისტული ნაკადების აღდგენით, რადგან სეზონური მოთხოვნა აჭარაში ჩვეულებრივ დაჩქარებას იწყებს აპრილ-მაისის პერიოდში“, — აღნიშნავენ Galt&Taggart-ში.

commersan.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.