ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აპრილში ტურიზმის შემოსავლების 19.3% რუსეთზე მოდიოდა - Galt&Taggart
19 მაისი, 2022

2022 წლის აპრილში საქართველოს 214 644 ვიზიტორი ეწვია, რაც 160.1%- იანი წლიური ზრდაა და 2019 წლის დონის 39%-ია. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ტურისტების ზრდით, რომელმაც 2019 წლის დონის 52.3% შეადგინა (წინა თვეში - 48.5%). ერთდღიანი ვიზიტები კვლავ დაბალ ნიშნულზე იყო და 2019 წლის დონის მხოლოდ 16.0% შეადგინა, მეზობელი ქვეყნების საზღვრის კვეთის მკაცრი რეგულაციების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

Galt&Taggart-ის მიხედვით, ტურისტული ვიზიტები მოიცავს იმ პირებს, რომლებიც საქართველოს ტოვებენ საანგარიშო თვეში და არ მოიცავს მიგრანტებს, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ. აპრილში ვიზიტორების რაოდენობით ლიდერობდა თურქეთი (ჯამური რაოდენობის 16.8%), შემდეგ მოდის რუსეთი (15.6%) და სომხეთი (15.0%). აღსანიშნავია, რომ ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან და უზბეკეთიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ 2019 წლის დონეს გადააჭარბა.

„აპრილში ტურიზმის შემოსავალმა 188.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.8-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და 2019 წლის დონის 70.6%- ია (წინა თვეში - 71.3%).

აღსანიშნავია, რომ ტურისტული შემოსავლების ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს მიგრანტების (რუსეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან) დანახარჯებს, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ. ჩვენი ვარაუდით, საქართველოში 80,000-120,000 ვიზიტორი ჩამოვიდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან იმაზე ხანგრძლივი ვადით, ვიდრე ტურისტები. მიგრანტების შემოდინების ეფექტი ყველაზე შესამჩნევი იყო უძრავი ქონების ბაზარზე - ქირის ფასები თბილისში წინა წელთან შედარებით 71.6%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 21.7%-ით გაიზარდა 2022 წლის აპრილში. აღსანიშნავია, რომ მიგრანტების ნაკადის გამო ეს 2 სტატისტიკა - ვიზიტორები და შემოსავლები - ამჟამად განსხვავებულ ტენდენციებს ასახავს.

ტურიზმის შემოსავლების 19.3% მოდიოდა რუსეთზე 2022 წლის აპრილში, შემდეგ მოდის ბელარუსი (ჯამურის 14.9%), ისრაელი (11.1%), ევროკავშირი (11.0%) და უკრაინა (10.3%). საბაზისო სცენარით, 2022 წელს ტურიზმის შემოსავლების 75%-იან აღდგენას ვპროგნოზირებთ 2019 წელთან შედარებით, თუმცა მიგრანტების ეფექტის გათვალისწინებით, უფრო სწრაფი აღდგენის (85%) ალბათობა გაზრდილია.

2022 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოს 0.7 მლნ ვიზიტორი ეწვია (+244.1% წ/წ, 2019 წლის დონის 38.9%) და შემოსავალმა 582.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (+463.1% წ/წ, 2019 წლის დონის 68.9%): წამყვანი ბაზრებიდან ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი თურქეთმა შეიტანა 2022 წლის ოთხ თვეში, რასაც მოსდევს რუსეთი და სომხეთი. არამეზობელი ქვეყნებიდან 2019 წელთან შედარებით შესამჩნევი აღდგენა დაფიქსირდა ისრაელიდან (+14.5% 2019-თან შედარებით), ყაზახეთიდან (+22.5%), საუდის არაბეთიდან (+62.3%), ბელარუსიდან (+123.6%) და უზბეკეთიდან (+95.9%). ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 582.3 მილიონი აშშ დოლარი 2022 წლის ოთხ თვეში, რაც 2019 წლის დონის 68.9%-ია. ყველაზე მეტი შემოსავალი დაგენერირდა რუსეთიდან (ჯამურის 17.9%), რასაც მოჰყვება ბელარუსი (11.3%), ევროკავშირის ქვეყნები (11.2%), უკრაინა (9.9%), ისრაელი (9.6%) და თურქეთი (9.6%)“, — აღნიშნავენ Galt&Taggart-ში.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.