„არ გვაქვს ფუფუნება ღვინის ბაზარზე კონკურენციაში რაოდენობისა და ფასის ხარჯზე შევიდეთ“
რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლის გამკაცრება, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
როგორც ლევან მეხუზლა განმარტავს, საქართველომ გლობალური ბაზრისთვის მაღალხარისხიანი, უნიკალური შეთავაზება უნდა შექმნას. შესაბამისად, აქცენტი არა რაოდენობაზე, არამედ სწორედ ხარისზე უნდა გაკეთდეს.
„საქართველოს არ აქვს ფუფუნება გლობალურ ბაზარზე კონკურენცია რაოდნობისა და ფასის ხარჯზე მოახდინოს,“ - განმარტავს მეხუზლა.
მისივე თქმით, ღვინის ხარისხი იწყება ვენახში, ყურძნის ხარისხით. შესაბამისად ეს გადაწყვეტილებაც და რთველამდე მთელი წლევანდელი გეგმაც ამას მიეძღვნება, რომ მაქსიმალურად მივიტანოთ ფერმერებამდე, იმ ხალხამდე ვისაც მოყავს ყურძენი, რომ ყურძნის ხარისხი და მათი პროდუქციის ხარისხი არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი შემდგომში უკვე ღვინის ხარისხისთვის და შესაბამისად, ქართული ღვინის იმიჯისთვის,“ - ამბობს ლევან მეხუზლა.
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ფერმერებთან კომუნიკაციაში მათ სოფლის განვითარების სააგენტო დაეხმარება, რომელსაც რეგიონალური სამსახურები და ყოველდღიურ რეჟიმში მოსახლეობასთან კარდაკარ მუშაობის გამოცდილება აქვს.
მიმდინარე კვირაში შეხვედრები მუნიციპალიტეტების დონეზე მინდინარეობს. მომავალი კვირიდან კი ფერმერების ინფორმირება სოფლის დონეზე გადაინაცვლებს. პირველი კახეთი იქნება, მოგვიანებით კი რაჭა-ლეჩხუმი. სააგენტოში ფიქრობენ, რომ ფერმერები რთველს შეძლებისდაგვარად მომზადებულები შეხვდებიან.
„ყველა კონკრეტულ ადგილწარმოშობას სპეციფიკაციაში უწერია ის მინიმალური შაქრიანობა, რომელიც საჭიროა ქონდეს ყურძენს, აი, ამ კონკრეტული დაცული ადგილწარმოშობის საწარმოებლად. თუ ყურძენი ამ კონდიციას ვერ დააკმაყოფილებს მიუხედავად იმისა, რომ ის ამ კონკრეტულ მიკროზონაშია მოყვანილი მისგან არ შეიძლება მაღალხარისხიანი ღვინის წარმოება. აქედან გამომდინარე ის იქნება გადაკვალიფიცირებული ჩვეულებრივი ღვინის წარმოებისთვის. და ის ყურძენი რომელიც შაქრის მინიმალურ მოთხოვნასაც ვერ დააკმაყოფილებს უკვე გადაკვალიფიცირებული იქნება ასე ვთქვათ არა საღვინე, არამედ სასპირტე მიმართულებით, რაც თავისავად გამოიწვევს ფასზე ცვლილებას,“ - განმარტავს ლევან მეხუზლა.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ სახელმწიფო საწარმო რთველის დროს აღნიშნული კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს. რაც შეეხება მოსავალზე გავლენას, როგორც ლევან მეხუზლა განმარტავს, საბოლოო ჯამში, ცვლილებები გლობალურად მოსავალზე დიდ გავლენას არ იქონიებს. შესაძლებელია მოსავლის დაახლოებით 10%-ით შემცირება.
შეგახსენებთ, რომ ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება. ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. გარდა ამისა, კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე.
business-partner.ge