ზამთრის საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად, პანდემიის მეორე ტალღამ ინფიცირებულების რაოდენობის რეკორდული ზრდა და შესაბამისად საკარანტინო სივრცეების მზარდი საჭიროება განაპირობა. გუდაურსა და ბაკურიანში საოჯახო და დიდი სასტუმროების მოლოდინი საკურორტო სეზონთან დაკავშირებით პესიმისტურია, მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ ტურისტები არც ზამთრის სეზონზე ესტუმრებიან საქართველოს, შესაბამისად ბიზნესისთვის საკარანტინე სივრცედ დარჩენა უფრო მომგებიანია.
„ახლა საკარანტინე სივრცე ვართ, მუდმივად იცვლება სიტუაცია, ჯერ ვერ გეტყვით რა იქნება მომავალში. თუ ფრენები არ იქნება და ჯავშნები არ გვექნება, მაშინ დავრჩებით საკარანტინო სივრცედ.
ძალიან რთულია რამე მოლოდინი გქონდეს ან არ გქონდეს. ყველაფერი დამოკიდებულია ფრენების აღდგენაზე და რჩება შიდა ბაზარი, რომელიც დიდად ვერ განსაზღვრავს სეზონის ეფექტურობას. თუ ვერცერთი სტუმარი ვერ დაჯავშნის სასტუმროს, რა თქმა უნდა სანამ საჭიროა საკარანტინე ზონად დავრჩებით“ – ამბობს ბაკურიანის სასტუმრო „კრისტალის“ მენეჯერი გიორგი მაისურაძე.
სასტუმრო „გუდაურა“ მარტის შემდეგ დაკეტილია. მიუხედავად იმისა, რომ საკარანტინო სივრცედ მუშაობის შემოთავაზება მიიღეს, სასტუმრო საკურორტო სეზონს მაინც ელოდება.
„ამჟამად, ჩვენი სასტუმრო დაკეტილია, რადგან სეზონის დაწყებას ველოდებით. საკარანტინო სივრცეზედ მუშაობაზე გვქონდა შემოთავაზება, თუმცა უარი ვთქვით. მარტის შემდეგ გაჩერებულები ვართ. მაისში ავიღეთ ნებართვები, რომ შევძლებდით ყველანაირი რეგულაციის დაცვით სამუშაოს განახლებას, თუმცა ჯავშნები წინა წლების ჯავშნებთან შედარებით მხოლოდ 15-პროცენტს შეადგენს. მათ შორის უცხოელებისგან მოგვდის შეკვეთებო თუმცა, თუ პოზიტიური სიტუაცია იქნება იმედი გვაქვს გავაგრძელებთ მუშაობას. ზოგადად, გუდადურში სასტუმროების უმეტესობა დაკეტილია, მუშაობის აზრს ვერ ხედავენ,“ – ამბობს „კომერსანტთან“ სასტუმრო „გუდაურა“-ს მფლობელი.
აღსანიშნავია, რომ მცირე სასტუმროების ბევრმა მეპატრონემ დედაქალაქში არსებული ეპიდსიტუაციის გამო გასაქირავებელი ფართების პირადი მოხმარებისთვის გამოყენება გადაწყვიტეს. როგორც სასტუმრო San Valley-ში ამბობენ, ზამთრის 2020 წლის საკურორტო სეზონი შესაძლოა მთის კურორტებისთვის აღარც დადგეს.
„ვიცავთ რეგულაციებს და ვიღებთ სტუმრებს მაგრამ ძალიან იშვიათად. უიმედოდ ვართ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით. საკითხავია, საერთოდ დაიწყება თუ არა საკურორტო სეზონი. იმედი მინდა მქონდეს მაგრამ არ ვიცი, რა იქნება. ჩვენ საკარანტინო სივრცე არ ვართ , გვაქვს კოტეჯები. ახლა ყველა კოტეჯის მეპატრონე ჩამოსულია, გამოერიდა თბილისს და პირადი მოხმარებისთვის ვიყენებთ ჩვენს ობიექტებს. დაინტერესება მინიმუმამდეა დაცემული. შეიძლება რამის მოლოდინი გქონდეს, როცა ყოველ დღე ასეთი მზარდი მაჩვენებელია“- აცხადებს სასტუმრო San Valley-ს მეპატრონე.
Commersant