ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
არაადეკვატური ფასები აჭარაში – რატომ არჩევენ ქართველები თურქეთში დასვენებას?
10 მარტი, 2017

ზაფხულის სეზონზე ზღვის კურორტები დასვენებისთვის ერთ-ერთი მოთხოვნადი ადგილებია. დამსვენებლების ნაწილი საქართველოში, შავ ზღვას სტუმრობს, ნაწილი კი საქართველოს საზღვრებს სცდება და მეზობელ ან სხვა ქვეყნების კურორტებს ამჯობინებს.

თურქეთის კურორტებს ქართველი დამსვენებლები საკმაოდ აქტიურად სტუმრობენ.

MYREST.GE დაინტერესდა, მომსახურებისა და შეთავაზებების კუთხით რა განსხვავებაა საქართველოსა და თურქეთის კურორტებს შორის და რამდენია ფასთა სხვაობა მათ შორის.

ფასები და მომსახურებები მოცემულია BOOKING.COM - ის , 15-22 ივლისის მონაცემებით და შედარებულია თურქეთისა და საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე მსგავსი სასტუმროები, ვარსკვლავების რაოდენობით, ადგილმდებარეობით, მსგავსი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების მიხედვით.

5 ვარსკვლავიანი სასტუმრო

ქობულეთი, „Georgia Palace Hotel"

სასტუმრო „Georgia Palace Hotel „ ქობულეთში, ზღვის სანაპირო ზოლზე და ქობულეთის სადგურის მოედნიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს. აღნიშნული სასტუმრო ქალაქში ერთ-ერთი თვალსაჩინოა როგორც ხარისხით, ასევე ვიზუალით და მომსახურებით. სასტუმროს ღია და დახურული საცურაო აუზი, ღია რესტორანი, აივნებიანი ოთახები, უფასო ინტერნეტი, გადახურული სეზონური ბაღი, ღია ტერასა ზღვის ხედებით, საუნა, სავარჯიშო დარბაზი და სპა აქვს. შეთავაზებაში საუზმე, სადილი და ვახშამი სრულად შედის. BOOKING.COM - ის მიხედვით, Georgia Palace Hotel „ - ში სტუმრობა 15-22 ივლისამდე 4.155 ლარი დაგიჯდებათ.

ბოდრუმი, „Azka Hotel"

„Azka Hotel „ ბოდრუმში, „Georgia Palace Hotel „ - ის მსგავსად ზღვის სანაპირო ზოლზე და ქალაქის ცენტრიდან 1,6 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სასტუმროს კერძო სანაპირო ზოლი, ბაღი,ღია და დახურული რესტორანი, უფასო ინტერნეტი, ღია და დახურული საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ტერასები, სავარჯიშო დარბაზი და საუნა აქვს. „Azka Hotel „ - ის შეთავაზებაში სამჯერადი კვება შედის. ბოდრუმის ამ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება 15-22 ივლისს 2051 ლარი ღირს.

4 ვარსკვლავიანი სასტუმრო

ბათუმი, „Golden Palace Batumi"

„Golden Palace Batumi" ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც ბათუმში, სანაპიროდან 150 მეტრში მდებარეობს. სასტუმროს აქვს პარკინგი, უფასო ინტერნეტი და ევროპულ - ქართული რესტორანი. „Golden Palace Batumi" -ის შეთავაზებაში მხოლოდ საუზმე შედის. აღნიშნულ სასტუმროში დასვენება 7 ღამე 2.440 ლარი ღირს.

ანტალია, „Grida City Hotel"

„Grida City Hotel" ანტალიაში, ზღვიდან 200 მეტრის მოშორებით, ანტალიის ნაციონალურ პარკთან მდებარეობს. სასტუმროს აქვს ბათუმის სასტუმროსგან განსხვავებით , ოლიმპიური აუზი, სავარჯიშო დარბაზი, ოთახები ინდივიდუალური აივნითა და სამუშაო კუთხით, საუნა, ტენისის სათამაშო მოედანი, საუნა და ღია ბაღი. „Grida City Hotel" - ის შეთავაზებაში მხოლოდ საუზმე შედის. აღნიშნულ სასტუმროში დასვენება 7 ღამე 815 ლარი ღირს.

3 ვარსკვლავიანი სასტუმრო

ურეკი, " Hotel Albatros"

სასტუმრო"ალბატროსი" ურეკში, სანაპიროდან 30 მეტრში მდებარეობს. სასტუმროს შეთავაზებაში ღია საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, უფასო ინტერნეტი და ბილიარდის ოთახები შედის. "Hotel Albatros" - ში დასვენება 15-22 ივლისამდე 3080 ლარი ღირს.

ქემერი, „Rosarium Hotel"

ხმელთაშუაზღვის სანაპიროდან 50 მეტრის მოშორებით საკუთარი სანაპირო აქვს სასტუმრო „Rosarium Hotel" - ს. მის შეთავაზებაში, ღია და დახურული საცურაო აუზი, პალმების ბაღი, უფასო ინტერნეტი, პირადი თმის სტილისტი, რესტორანი და სპორტული დარბაზი შედის. სასტუმროში 7 ღამით დასვენების ღირებულება 1196 ლარია.

BOOKING.COM - ზე არსებულ ჩვენს მიერ შედარებული ინფორმაციებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, თურქეთის სხვადასხვა კურორტზე დასვენება ბევრად იაფი ღირს, ვიდრე საქართველოს ზღვის კურორტებზე.

5 ვარსკვლავიანი სასტუმროების მონაცემების შედარებით, რომელიც ერთი ქობულეთში, მეორე კი ბოდრუმში მდებარეობს, ჩანს, რომ თურქეთის კურორტზე 2104 ლარით ნაკლები ღირს , ვიდრე ქობულეთში.

რაც შეეხება 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების მონაცემებს, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის სასტუმროს საკმაოდ მაღალი მომსახურება აქვს, ვიდრე ბათუმის სასტუმროს , „Grida City Hotel" - ში დასვენება 1625 ლარით ნაკლები დაგიჯდებათ, „Golden Palace Batumi" - თან შედარებით.

1884 ლარით ნაკლები დაგიჯდებათ ქემერში არსებულ „Rosarium Hotel" - ში სტუმრობა, ვიდრე ურეკში არსებულ " Hotel Albatros" - ში.

ლოგიკურია, თითოეულ შედარებულ სასტუმროს ემატება ფრენის ხარჯები, რომელიც საშუალოდ 550 ლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება უკვე სასტუმროსა და ფრენის ჯამური თანხა და მათ შორის განსხვავება ასე გამოიყურება:

5* - სხვაობა = 1554 ლარი

4* - სხვაობა = 1075 ლარი

3* - სხვაობა = 1334 ლარი

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.