არაბ ინვესტორებს კუმისში, დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობისთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის ჯერ არ მიუმართავთ
არაბ ინვესტორებს კუმისში, დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვის მისაღებად ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის ჯერ არ მიუმართავთ. ამის შესახებ გარდაბნის გამგებლის მოადგილე ზვიად მაჩაბელი „კომერსანტთან საუბრისას აცხადებს. მისი ინფორმაციით, ოფიციალურად უცნობია, თუ რას ააშენებენ არაბი ინვესტორები კუმისში, ეს იქნება გასართობი კომპლექსი, არაბული სოფელი თუ რამე სხვა.
„ისინი რას აპირებენ არ ვიცი, მათი საკუთრებაა და რასაც უნდა იმას გააკეთებენ. ოფიციალურად ჩვენთან განაცხადით არ შემოსულან“-აცხადებს მაჩაბელი.
კუმისში არაბების მიერ მიწების შესყიდვასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდია აქტიური საუბრები მიდის. ერთ-ერთი ვერსიით, არაბმა ინვესტორებმა იქ გასართობი კომპლექსი უნდა ააშენონ, მეორე ვერსიით კი არაბული სოფელი, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
როგორც „კომერსანტისთვის მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი, ორიოდე წლის წინ აღნიშნული ტერიტორიის 80 პროცენტი საქართველოს მოქალაქე, არაბზე გასხვისდა, დანარჩენი 20 პროცენტის მფლობელი კი ეროვნებით ქართველი ფიზიკური პირია. ჩვენივე ინფორმაციით, საუბარია, კუმისში, 200 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, სადაც ინვესტორი რამდენიმე მილიონიანი პროექტის განხორციელებას გეგმავს. საუბარია, 2 სართულიანი კოტეჯების და გოლფის მოედნების მშენებლობაზე.
კუმისში, 200 ჰექტარი მიწის ნაკვეთის არაბებზე გასხვისების ფაქტს ადასტურებენ გარდაბნის რაიონის გამგეობაშიც. გამგებლის მოადგილე ზვიად მაჩაბელი რამდენიმე თვის წინ „კომერსანტთან საუბრისას განმარტავდა, რომ 2006 წელს შპს „კუმისი 21-მა აუქციონის წესით 200 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელიც 2016 წელს საქართველოს მოქალაქე, არაბზე გაასხვისა.
მისი განმარტებით, ამ უკანასკნელმა კი ეს ტერიტორია დაყო და უკვე არაბ მოქალაქეებზე გაყიდა. „ახლა მიწის უცხოელებზე გაყიდვაზე შეზღუდვაა, თუმცა, მათ მოასწრეს ყიდვა. 2017 წლის თებერვალში, საჯარო რეესტრის ამონაწერში უკვე ასე ფიქსირდება -აცხადებდა მაჩაბელი.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაასხვისა ქართულმა კომპანიამ არაბებზე მიწები, აღნიშნული კითხვით „კომერსანტმა შპს „კუმისი 21-ს მიმდინარე წლის ივნისში მიმართა. მაშინ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი განმარტა, რომ 2016 წელს ლარის დევალვაციის გამო, კომპანიამ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო. „2015 წელს, როდესაც ლარის დევალვაცია დაიწყო, კომპანიას დაახლოებით, 1.5 მილიონი დოლარის სესხი ჰქონდა აღებული. ლარის გაუფასურების გამო, საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი მივიღეთ, ამიტომ, კრედიტი რომ დაგვეფარა, იძულებულები ვიყავით მიწა გაგვეყიდა. ჩვენ ეს მიწა არაბი წარმოშობის, საქართველოს მოქალაქეზე გავყიდეთ-აცხადებდა უჩუმბეგაშვილი.
ავტორი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge