სამკურნალო-ბალნეოლოგიური კურორტ „ახტალას“ რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. როგორც „კომერსანტს“ „ახტალას“ ხელმძღვანელმა გიორგი უტიაშვილმა განუცხადა, პროცესი რეაბილიტაციის პირველი ეტაპია, რომელიც არსებულ ტერიტორიაზე ძველი შენობების ნაწილის სრულად დანგრევას, ხოლო ნაწილის რეაბილიტაციას გულისხმობს.
უტიაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს არქიტექტურული პროექტის მომზადდება, რომელზეც ისრაელური კომპანია მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, პროექტი მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულდეს, რომლის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.
როგორც ცნობილია, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალა“ ელექტრონულ აუქციონზე 2018 წლის ივნისში 3 760 000 ლარად გაიყიდა. კურორტის ამჟამინდელი მეპატრონე შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიაა“.აღნიშნული კომპანია საქართველოში გასული წლის მარტში დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი არაბთა გაერთიანებული საემიროებში რეგისტრირებული Global Victory Investments Limited-ი,ხოლო დირექტორი, ირაკლი ხუჭუაა, რომელიც რეესტრის მიხედვით საქართველო-რუსეთის მოქალაქეა.
რაც შეეხება იმას, თუ როდის მიიღებს განახლებული „ახტალა“ სტუმრებს, ამაზე უტიაშვილი აცხადებს, რომ კურორტის რეკონსტრუქციას დაახლოებით 2-3 წელი დასჭირდება.საპრივატიზებო პირობის მიხედვით, მყიდველმა უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 12 000 000 ლარის ინვესტიცია და 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის მოწყობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებს, რესტორნებს, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ ცენტრს, ასევე, სულ მცირე 50 ავტომობილზე გათვლის ავტოსადგომს. ამავე დროს, მყიდველმა სასტუმრო – კომპლექსში უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 50 ადამიანის დასაქმება და კურორტზე დასაქმებულთა 80%–თან, მათივე თანხმობის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება.
როგორც ცნობილია, სს ახტალა საპრივატიზაციო ნუსხაში 2015 წლიდან იყო. კურორტის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც 2012 წლის აპრილში, საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო, ახლა შეჩერებულია. კურორტზე სრულად ამორტიზებულია სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია, რაც შეეხება სანატორიუმს, ის დამსვენებელს დღემდე ძველი, საბჭოთა პერიოდის ინფრასტრუქტურით იღებს.
გიორგი უტიაშვილი დღეს აცხადებს, რომ ახტალაში დასვენება 1 ადამიანზე, დღეში საშუალოდ 75-85 ლარი ჯდება.ამაში შედის სამჯერადი კვება, ტალახის პროცედურები, ფიზიოთერაპია.
„ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს.
commersant.ge