არაბული Green Valley ტაბახმელაში "მწვანე ქალაქის" მშენებლობას შემოდგომაზე დაიწყებს
არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი უმსხვილესი უძრავი ქონების კომპანია Green Valley International Real Estate Group- ი ტაბახმელაში „მწვანე ქალაქის" მშენებლობას შემოდგომაზე დაიწყებს. კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვახტანგ გურგენიძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ტაბახმელაში გზების გაკეთება უკვე დაასრულეს. მისივე თქმით, შეიცვალა თავდაპირველი პროექტი და განახლებული ვერსია მერიაში ერთ თვეში შევა, ნებართვაც სავარუდოდ, პროექტის წარდგენიდან ერთ თვეში იქნება და მშენებლობა დაიწყება.
„ პროექტის კვადრატულობა იგივე რჩება, სახლების განლაგება შეიცვლება. ძველი პროექტი ნაკლებად ეფექტური იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ მისი შეცვლა. ახალ პროექტში ბინებიც იქნება და ინდივიდუალური სახლებიც" აცხადებს გურგენიძე
Green Valley City-ს პროექტი 88 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება, ტერიტორიის 35% მწვანე ნარგავებით დაიფარება. ამასთან, მოხდება თანამედროვე არქიტექტურის ინტეგრაცია, რომელიც თანხვედრაშია გარემოს დაცვის უმაღლეს სტანდარტებთან.
პროექტი გულისხმობს საცურაო აუზების, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, კორტების, საჯარო ბაღების და საბავშვო ზონების, თურქული აბანოების, სუპერმარკეტის, ლაქშერი რესტორნების, კაფეების და საცალო გაყიდვების ობიექტების განვითარებას.
საინვესტიციო ღირებულება 30-35 მილიონი დოლარია.
commersant.ge