სამკურნალო-ბალნეოლოგიური განახლებული კურორტი „ახტალა“ პირველ სტუმარს 2023 წელს მიიღებს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კურორტის ხელმძღვანელმა გიორგი უტიაშვილმა განაცხადა, კორონავირუსის მიუხედავად გეგმები არ შეცვლილა, შესაბამისად, კურორტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება.
უტიაშვილის განცხადებით, ისევე როგორც ზოგადად ტურისტულ სექტორს, კორონავირუსმა დარტყმა „ახტალასაც“ მიაყენა. „დამსვენებლების ძირითად ნაწილს უცხოელები წარმოადგენდნენ, გარდა ამისა, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო ადგილობრივი დამსვენებლებიის აქტივობაც მეტ-ნაკლებად შემცირდა, – აცხადებს უტიაშვილი.
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალა“ ელექტრონულ აუქციონზე 2018 წლის ივნისში 3,76 მლნ ლარად გაიყიდა. კურორტის ამჟამინდელი მეპატრონე შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიაა“, რომელიც საქართველოში 2019 წლის მარტში დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული Global Victory Investments Limited-ია, დირექტორი კი ირაკლი ხუჭუაა, რომელიც რეესტრის მიხედვით საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა.
„ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს.
bussines-partner.ge