ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
არაბული კომპანია ტაბახმელაში მწვანე ქალაქის აშენებას გეგმავს
30 ნოემბერი, 2015

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთერთი უმსხვილესი უძრავი ქონების  კომპანია Green Valley International Real Estate Group-ი საქართველოში 137 მილიონიანი პროექტის განხორციელებას გეგმავს. The Green Valley City-ს პროექტი 88 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება, ტერიტორიის 35% დაფარული იქნება სიმწვანით. როგორც კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ახალი პროექტი ემსახურება კომპანიის მცდელობას, გააფართოვოს საკუთარი საქმიანობა ქვეყნის მზარდ უძრავი ქონების ბაზარზე.

The Green Valley City-ის პროექტი  თბილისის მწვანე ზოლის არეალში ტაბახმელაში განთავსდება. პროექტში მოხდება თანამედროვე არქიტექტურის ინტეგრაცია, რომელიც თანხვედრაშია გარემოს დაცვის უმაღლეს სტანდარტებთან.  პროექტი 10 შენობას მოიცავს, მთლიანობაში 510 საცხოვრებელ განყოფილებას, სტუდიოს ტიპის, ერთ და ორ ოთახიან აპარტამენტებს. აქ ასევე იქნება კერძო საცხოვრებელი ზონა, სადაც განთავსდება ლუქს–კლასის ვილები. არაბული კომპანიის განმარტებით,  Green Valley City -ში დაინერგება მაღალი ხარისხის რეკრეაციული სერვისები,  პროექტი გულისხმობს  საცურაო აუზების, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის კორტების, საჯარო ბაღების და საბავშვო ზონების, თურქული აბანოების, სუპერმარკეტის, ლაქშერი რესტორნების, კაფეების და საცალო გაყიდვების ობიექტების განვითარებას.  

 

Green Valley International Real Estate Group-ის გენერალური მენეჯერის ალი საედ ალ სალამის განცხადებით, საქართველო ერთერთი მიმზიდველი მიმართულებაა უძრავი ქონების განვითარებისთვის ევროპაში, ბუნებრივი  გარემოთი, სოციალურ–ეკონომიკური სტაბილურობით, განვითარებული ინფრასტრუქტურით და მიმზიდველი ინიციატივებით,  როგორიცაა საგადასახდო სისტემა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი სტრატეგიული მდებარეობაა, ქვეყანა ახლოსაა არაბულ სამყაროსთან. პროექტის მიხედვით საცხოვრებელი ფართბი 33.69 კვადრატულიდან 99,62 კვადრატულ მეტრამდე იქნება - ფასები კი  45 ათასი დოლარიდან დაიწყება. პროექტის განვითარება თანამედროვე სტანდარტებით და გაიდლაინებით იგეგმება. 

ავტორ(ებ)ი : სალომე სოსელია
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.