ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„არაყუნა” – კომპანია „ანკანაკებამ“ ახალი სასმელის წარმოება დაიწყო
11 ნოემბერი, 2020

კომპანია „ანკანაკებამ“ პანდემიის პერიოდში ახალი ქართული სასმელი „არაყუნა“ გამოუშვა, რისთვისაც 10 000 ლარამდე პირადი ფინანსური რესურსი ჩადო და საწყის ეტაპზე 200 ბოთლი 5 არომატის – პიტნის, დაფნის, ვარდის, რეჰანისა და ფორთოხალ-დარიჩინის სასმელი გაყიდვაში ჩაუშვა.

როგორც კომპანიის დირექტორი მარიამ შევარდნაძე BM.GE-ისთან საუბრისას იხსენებს, იდეა „ბარი სახლიდან გაუსვლელად“ საგანგებო მდგომარეობის დაწყებიდან მალევე გაჩნდა და მეგობრები ამ საერთო იდეის ირგვლივ გააერთიანა.

„მოგეხსენებათ, ამ პერიოდში შეუძლებელი იყო სადმე გართობა, უბრალოდ, გარეთ გასვლაც კი, განსაკუთრებით კი – საღამოს საათებში. ერთ დღეს, როდესაც სამეგობროს ბარში წასვლა და გართობა მოგვინდა, ოჯახის უფროსმა წევრებმა მათთვის უკვე ნაცადი რეცეპტით დამზადებული ალკოჰოლური სასმელით სასიამოვნოდ დროის გაყვანა შემოგვთავაზეს. სასმელი დავაგემოვნეთ, მოგვეწონა და გაჩნდა ყველასთვის სასურველი იდეა – „ბარი სახლიდან გაუსვლელად”. მალევე დავიწყეთ იმაზე ფიქრი, როგორ გაგვეხადა ეს სასმელი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი. დღეს ვქმნით “არაყუნას”, რომელიც უნიკალური მეთოდით ქართული ყურძნის ჭაჭით და ცოცხალი ხილით მზადდება. სასმელი გამორჩეულია გემოთა კონტრასტულობით, რაც მომხარებელს ფართო არჩევანს სთავაზობს. გემოების უნივერსალურობის გარდა, იგი მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებს შეიცავს”, – ამბობს მარიამ შევარდნაძე.

კომპანიაში, ამ დროისთვის, 5 ადამიანია დასაქმებული, თუმცა კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა წარმოების და მოთხოვნის ზრდასთან ერთად გაიზრდება. „ანკანება” ინვესტიციების მოსაზიდად და ბიზნესის გასაფართოებლად სახელმწიფო პროგრამებში ჩართვასაც გეგმავს.

„არსებული სიძნელეების მიუხედავად, ბიზნესს საკუთარი ფინანსური რესურსით ვავითარებთ. დღეისთვის, დაახლოებით, 10 000 ლარის ინვესტიცია გვაქვს ჩადებული. გვსურს, გავიზარდოთ და ამ ყველაფერთან ერთად შემდეგ მოვიზიდოთ ინვესტიციები”, – აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.

ამ ეტაპისთვის „ანკანაკება“ მოლაპარაკებებს თბილისის სხვადასხვა ბართან აწარმოებს, რათა ახალი პროდუქტის დაგემოვნება კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს. სასმელის რეალიზებას კი, ონლაინ გაყიდვებით ახორციელებს.

„დღეისთვის გაყიდვებს სოციალური გვერდების Facebook-ის და Instagram-ის საშუალებით ვახდენთ და საწყის ეტაპზე ჩვენ მიერ წარმოებული სასმელის რაოდენობაც სწორედ ონლაინ გაყიდვებზეა გათვლილი“, – უთხრა BM.GE-ის მარიამ შევარდნაძემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „ანკანაკება“, პირველ რიგში, „არაყუნას“ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას და ადგილობრივი ბაზრის შემდეგ უცხოურ ბაზრებზე გასვლას გეგმავს.

„ვფიქრობთ, ჩვენი პროდუქტის ნოვატორული ხასიათი მალე ადგილობრივი ბაზრის ათვისების საშუალებას მოგვცემს, რის შემდეგაც ახალი ქართული სასმელის უნიკალურობას მსოფლიოს გავაცნობთ. კომპანიის დაარსების იდეის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ქართული კულტურა უცხო ქვეყნებშიც მეტად პოპულარული გახდეს”, – ამბობენ კომპანია „ანკანაკებაში”.

BMG


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.