ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
არჩილ გაჩეჩილაძე ტურისტული ემბარგოსა და ამ ვითარებაში მთავრობის ფუნქციების შესახებ
27 ივნისი, 2019

რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს საბანკო სექტორს რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული ტურისტული ემბარგოს საპასუხოდ – “საქართველოს ბანკის” CEO-მ არჩილ გაჩეჩილაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.

გაჩეჩილაძის თქმით, “საქართველოს ბანკი” სექტორის დასახმარებლად 1 მილიონ ლარს გამოყოფს და ამასთანავე მზადაა, რომ ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებს სესხების რესტრუქტურიზაცია შესთავაზოს. საქართველოს მთავრობას კი გაჩეჩილაძე გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების სისტემის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს. გაჩეჩილაძის აზრით, არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად ინფრასტრუქტურული ხარჯები გაზარდოს.

არჩილ გაჩეჩილაძე ტურისტული ემბარგოს შესახებ:

“საქართველოს ბანკისთვის” ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვანია და დიდი ხანია, რაც ტურიზმი ფოკუსის საგანია ჩვენთვის. გვაქვს ბევრი პრიზები ტურიზმის სექტორში, გვაქვს დაფინანსების განსაკუთრებული პირობები. მთელი პროგრამა გვაქვს შემუშავებული ბრენდირებული სასტუმროების დაფინანსების. პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც ქართული ფულით აშენდა – “ჰოლიდეი ინი”, საბანკო დაფინანსებით აშენდა, ჩვენს მიერ განხორციელდა. შესაბამისად, ამ სექტორში ჩვენ საკმაოდ კარგად ვართ წარმოდგენილი. ნებისმიერი ტიპის დარტყმა, ეს როგორც ახლახანს განხორციელდა, ჩვენ ნამდვილად გვტკივა.

გვინდა, რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ ჩვენ პარტნიორებს, რათა ეს დარტყმა შემსუბუქდეს. ამ კუთხით იყო ის განცხადება მილიონი ლარის გამოყოფაზე ჩვენგან. რაც შეეხება უშუალოდ პროგრამებს, მათ დღეს ვერ დაგიანონსებთ, მაგრამ გპირდებით, შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში დაანონსდება რამდენიმე პროგრამა, რომლის ძირითადი მიზანი იქნება დავაბალანსოთ ის დანაკლისი, რომელიც რუსი ტურისტების მხრიდან იქნება ჩვენი ტურიზმის სექტორში.

ჩვენ როგორც ბანკს, ანუ კრედიტორს, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ კონკრეტული სასტუმროები, თუ რესტორნები თუ სხვადასხვა ერთეული, რომელიც ტურიზმის სექტორში საქმიანობს და დანაკლისს განიცდის შემოსავლების, შეგვიძლია, რომ რესტრუქტურიზაცია გავუკეთოთ, სხვადასხვა სტრუქტურებით დავეხმაროთ ყოველდღიურ ფინანსურ მომსახურებაში, მაგრამ აქ, ამას გარდა ცოტა უფრო ფართოდ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის მილიონ–ლარიანი პროგრამა. სხვადასხვა კომპანიებიც შემოგვიერთდნენ მსგავს ინიციატივებში. იმედია, რომ ეს ყველაფერი ერთად გამოიყვანს და არათუ დააბალანსებს, არამედ გადავლახოთ და დადებითისკენ გადავწიოთ ის დანაკლისი, რომელიც რუსული ტურიზმის დანაკლისით შეიძლება მივიღოთ.

გამოწვევა არის იგივე, ეს მოხდებოდა თუ არ მოხდებოდა., გამოწვევა არის იგივე. გამოწვევა არის ბიუროკრატიის, ანუ სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების და მათი აღსრულების დაჩქარება. მეორე მხრივ, კი მნიშვნელოვანია კაპიტალური დანახარჯების დაჩქარება. ეს დაჩქარება იქნება დამაბალანსებელი ნებისმიერი იმ დარტყმის, რაც საგარეო ფაქტორების მხრიდან შეიძლება იყოს გამოწვეული”, – ამბობს გაჩეჩილაძე.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.