ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
არგოხის კოშკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
16 აგვისტო, 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ არგოხში მდებარე XVI საუკუნის კოშკი-სამლოცველო სამებას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კოშკი სწორკუთხაა (3,5×3,5 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით დუღაბზე, დასრულებულია კონუსური გადახურვით. ალაგ-ალაგ შემორჩენილია ბათქაშის კვალი. ორსართულიანია. პირველი სართული სამლოცველოა.

სამლოცველო აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომელიც დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. აბსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, ხოლო მის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიში. ასეთივე ნიში ჩრდილოეთის ნიშის ქვეშ, იატაკის პირზეცაა. სარკმლის ქვეშ ტრაპეზია მიდგმული. აბსიდა კონქითაა დასრულებული, რომლის სატრიუმფო თაღი მხრებს ეყრდნობა. კედლები მობათქაშებულია.

მეორე სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთ კედელშია. კარი არქიტრავულია და ნაოთხალიანი. ჩრდილოეთ კედელში ერთი ნიშია. ოთახი გადახურულია კამარით. კედლები მობათქაშებული ყოფილა. 

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კოშკი საინტერესო ნაგებობაა, როგორც თავისი ფუნქციური მახასიათებლებით (სამლოცველო, სათავდაცვო), ისე არქიტექტურული ფორმითა და დეტალებით (აბსიდა, კარები, კონუსური გადახურვა).

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.