ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქვემო ქართლში ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები აღმოაჩინეს
06 ივნისი, 2016

არქეოლოგიური კვლევის შედეგად ქვემო ქართლში ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწებია აღმოჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

„კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს“-აცხადებენ ეროვნულ მუზეუმში.

მათი ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად გამოვლენილია საცხოვრებელი ნაგებობები, სხვადასხვა შრომის იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა.

„აღმოჩენილი მასალის დამუშავება და პალეო-ბოტანიკური კვლევა კიდევ უფრო ნათელ სურათს შექმნის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მეღვინეობა-მევენახეობის კულტურის შესახებ.

აღმოსავლეთ საქართველოს ნეოლითური ხანის ძეგლების არქეოლოგიური კვლევით დგინდება, რომ ამ პერიოდში საზოგადოება გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე. იწყება მიწათმოქმედების აღმავლობა და ცხოველების მოშინაურების პროცესი“-ნათქვამია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

6 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ასოციაცია „ქართული ღვინის“ წარმომადგენლები ქვემო ქართლში (სოფ. იმირი) ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ აღმოჩენებს მოინახულებენ.

როგორც ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ერთობლივი საერთაშორისო პროექტი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა’’, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიოში ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას.

„პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საველე-არქეოლოგიური გათხრები ნეოლითური ხანის ნასოფლარზე – გადაჭრილ გორაზე და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთების ინტერდისციპლინარული კვლევა.

ქართველ მეცნიერებთან ერთად პროექტში მონაწილეობენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტის, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე. პროექტის მენეჯერია ლევან დავითაშვილი, პროექტის კორდინატორია დავით მაღრაძე. ექსპედიციის ხელმძღვანელია ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების მთავარი კურატორი მინდია ჯალაბაძე“-ნათქვამია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, წელს პროექტში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის საზაფხულო-საველე სკოლის სტუდენტები.

„პროგრამის მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის, მისი შემსწავლელი მეცნიერების – საქართველოს ისტორიისა და ისტორიული დისციპლინების – არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, პალეობოტანიკის პოპულარიზაცია. პროგრამა მიმდინარეობს ტორონტოს უნივერსიტეტის და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით“-აცხადებენ ეროვნულ მუზეუმში.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.