ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
არხოტის ხეობაში ჰესი აშენდება – “მოსახლეობას უწყვეტი ელექტრომომარაგება წლის ბოლომდე ექნება”
02 სექტემბერი, 2019

არხოტის ხეობის სოფელ ახიელთან მცირე ზომის ჰესი აშენდება. პროექტისთვის 3 989 580 ლარი დაიხარჯება. საუბარია 200 კვ.ტ. დადგმული სიმძლავრის მქონე მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგიით მოამარაგებს.

გამარტივებულად(უტენდეროდ) სამშენებლო და საპროექტო სამუშაოების შეძენის უფლება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” უკვე მიიღო მთავრობისგან. პროექტს კომპანია EPC/Turnkey განახორციელებს.

ენერგეტიკის განვითარების ფონდი მიუთითებს, რომ ჰესის ექპლუატაციაში შეყვანა დაგეგმილია არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა. მაგრამ ჰესის მშენებლობის სირთულის და თავისებურებების გათვალისწინებით, აუცილებელია შესაბამისი სამუშაოების რაც შეიძლება სწრაფად დაწყება.

“მოცემული ღონისძიების შეზღუდულ ვადებში ჩატარება აუცილებელია, ვინაიდან სოფელი ახიელი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთში, ხევსურეთში, ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე. აღნიშნული ადგიმლდებარეობისათვის დამახასიათებელი რთული რელიეფისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით სამუშაოების წარმოება კიდევ უფრო გართულდება ზამთრის სეზონის მოახლოვებასთან ერთად. შესაბამისად, აუცილებელია სამუშაობის შეძლებისდაგვარად დროულად დაწყება, რათა არ მოხდეს პროექტის განხორციელების გადავადება ხანგრძლივი დროით (2020 წლამდე).

ამავდროულად, მოცემული პროექტის განხორციელბა არ ყოფილა დაგეგმილი შემსყიდველი ორგანიზაციის ბიუჯეტით ან ბიზნეს-გეგმით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, რომელსაც სამართავად აქვს გადაცემული შემსყიდველი ორგანიზაციის აქციების 100%, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პროექტის განხორციელების თაობაზე სამი კვირის წინ. აღნიშნული დროითი პერიოდი გამოყენებულ იქნა შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოების გასაწევად”,- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

აქვე მითითებულია, რომ მოცემულ ტერიტორიაზე არსებობს 1990-იან წლებში აშენებული ჰესი, რომელიც დღეს მწყობრიდან არის გამოსული და შესაბამისად შეუძლებელია ადგილობრივი მოსახლეობის ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგება.

“აღნიშნული იწვევს რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას, მათ შორის მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილობრივი მოსახოების სოციალურ მდგომარეობას, მნიშვნელოვნად აფერხებს ტურიზმის განვითარებას (რისი დიდი პოტენციალიც აქვს აღნიშნულ მხარეს) და უკან დაბრუნების სურვილს უკარგავს იმ პირებს, რომელთაც საცხოვრებლად უკვე დატოვეს აღნიშნული ტერიტორია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ახალი ჰესი აშენდეს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექპლუატაციაში შევიდეს მიმდინარე კალენდარულ წელს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ზამთრის პერიოდში მუდმივად იქ მაცხოვრებელი მოსახლეობა არ დარჩეს ელექტროენერგიის გარეშე. ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში, საქართველოს მოქმედი კანონდმებლობით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ვერ გაფორმდება მინიმუმ 1 თვით, რაც გამოწვევს ჰესის ექპსლუატაციაში შეყვანის მნიშვნელოვანი დროით გადავადებას. კერძოდ, არსებობს საშიშროება, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ჰესის ოპერირება, ადგილმდებარების სპეციფიკისა (საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მაღალმთიან რეგიონში, ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე, სადაც შედარებით ადრე დგება ზამთარი, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას იქ სამშენებლო სამუშაოების განხორიცლებას) და ჰესის მშენებლობის სირთულეების და თავისებურებების გათვალისწინებით, გადაიწევს 2020 წლამდე. ჰესის ექპლუატაციაში ასეთი დაგვიანებით შეყვანით კი, ფაქტობრივად, ელექტროენერგიის გარეშე მოუწევს იქ მუდმივად მაცხოვრებელ მოსახლეობას ზამთრის გადატანა.”,- ნათქვამია დოკუმენტაციაში.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.