ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
136 მლნ დოლარის ინვესტიცია და 103 ათასი ტურისტი - რას კარგავს საქართველო ყაზახეთში განვითარებული მოვლენებით
11 იანვარი, 2022

ყაზახეთი ბოლო რამდენიმე დღეა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. იქ არებული ვითარება საქართველოს-ყაზახეთის ურთიერთობებზეც მოახდენს გავლენას, რადგან ეს ქვეყანა ერთ-ერთი მსხვილი ეკონომიკური პარტნიორია.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 21 წელზე მეტია არსებობს. ყაზახეთის სავაჭრო ბრუნვამ საქართველოში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწია, საიდანაც 800 მილიონ დოლარზე მეტი საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი იყო. ეს საკმაოდ ეფექტური და მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების ფონზე, როგორიც საქართველო და ყაზახეთია.

საგარეო ვაჭრობა ყაზახეთთან

2020 წელს, საქართველოს მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 10% ცენტრალურ აზიაში, ხოლო 1.4% ყაზახეთში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 2015-2019 პერიოდში, საქართველოს რე-ექსპორტის 14% ცენტრალური აზიისკენ იყო მიმართული, ხოლო 3% - ყაზახეთისკენ.

ცენტრალური აზიის ქვეყნებში საქართველოდან რე-ექსპორტირებული ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი საქონელი ავეჯია, თუმცა ის არ ხვდება ყაზახეთში განხორციელებულ რე-ექსპორტში. ასევე საქართველოდან საკვებისა და სასმელის და ტექსტილისა და ტანსაცმლის ექსპორტი ყაზახეთში მზარდი დინამიკით ხასიათდება, თუმცა სხვა დანარჩენ კატეგორიებში უკანასკნელი წლების განმავლობაში კლებადი ტენდენციაა. ყაზახეთიდან საქართველოში ექსპორტირებული საქონლის დინამიკა არაერთგვაროვანია და ზოგიერთ კატეგორიაში 2020 წელს 16x-მდე ზრდა დაფიქსირდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2005-2020 წლებში ყაზახეთი საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განმახორციელებელ 20 უმსხვილეს ქვეყანას შორისაა. ამავე პერიოდში, ცენტრალური აზიიდან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 86% ყაზახეთს ეკუთვნის.

უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოში ყაზახეთიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად სამშენებლო, HORECA, ტრანსპორტირების, უძრავი ქონებისა და საფინანსო სექტორებისკენაა მიმართული.

მხოლოდ 2020 წელს, 136 მლნ აშშ დოლარით, საქართველოდან ყაზახეთში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ უკანასკნელი 15 წლის საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 20-ჯერ გადააჭარბა.

ტურიზმი

საქართველოში ყაზახი ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია. პანდემიამდელ 2019 წელს ქვეყანაში 103 000-ზე მეტი ყაზახი ვიზიტორი შემოვიდა. 2011-2019 წლებში, საქართველოში შემომავალი ჯამური ვიზიტორების რაოდენობა 8-წლიანი 14% CAGR-ით გაიზარდა, თუმცა ყაზახეთიდან შემომავალი ვიზიტორების რაოდენობა ერთ-ერთი ყველაზე მზარდია და ამავე პერიოდში 26%-ით გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ყაზახეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან და ზრდად ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს.

2019 წელს, როდესაც საქართველომ ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობით რეკორდულ 9.4 მილიონიან ნიშნულს მიაღწია, ყაზახეთი ქვეყნებს შორის 1,1%-იანი წილით და 103 611 ვიზიტორით მე-9 ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო 2018 წლის მონაცემთან შედარებით, 76%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ყაზახეთის გამყვან ვიზიტორთა რაოდენობაში საქართველოში ვიზიტორთა წილი 2011 წელს არსებული 0.2%-დან 2019 წელს 1.0%-მდე გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყაზახეთი ევროპულ ქვეყნებს შორისაა როგორც ვიზიტის ხანგრძლივობის, ისე საქართველოში ვიზიტისას საშუალო დანახარჯის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ ყახაზეთში მთავრობა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის ხელმძღვანელობით გადადგა. მთავრობის გადადგომა პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მიიღო. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით პირველი ვიცე-პრემიერი ალიხან ისმაილოვი შეასრულებს. გადამდგარი მინისტრები მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე მოვალეობის შემსრულებლად დარჩებიან. ყაზახეთის მინისტრთა კაბინეტის გადადგომას წინ უძღოდა გათხევადებული ბუნებრივი გაზის გაძვირების გამო ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს ოლქიდან 2 იანვარს დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებმაც სხვა რეგიონებიც მოიცვა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.