ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აშშ-ში ღვინის ექსპორტის 16%-იანი ზრდით მოხდა უკრაინაში კლების გადაფარვა - ლევან მეხუზლა
05 აგვისტო, 2022

2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 2.8%-ით შემცირდა და 256 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ომის დაწყების შემდეგ, მარტი-ივნისში კი ექსპორტი 16%-ით არის შემცირებული, რაც ძირითადად ღვინის და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის კლებამ განაპირობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხები შეისწავლა, სადაც აღნიშნულია, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ღვინის ექსპორტი გამოირჩევა.

„რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 55% (131 მლნ აშშ დოლარის) რუსეთში გავიდა. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში ექსპორტირებული 58 მლნ აშშ დოლარის ღვინო საქართველოს ჯამური ღვინის ექსპორტის 58% იყო. მიუხედავად იმისა, რომ იანვარ-ივნისში რუსეთში ღვინის ექსპორტი 3%-ით შემცირდა, ჯამური ექსპორტის მეტად შემცირების გამო (4.2%-ით), საბოლოოდ რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში გაიზარდა. ჯამური ღვინის ექსპორტის შემცირება დიდწილად მარტიდან უკრაინის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის შეწყვეტამ განაპირობა.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ქართული ექსპორტის შემცირება ძირითადად ღვინის და უალკოჰოლო სასმელების გაყიდვების კლებამ განაპირობა. კერძოდ, ღვინის ექსპორტი 17%-ით (7.6 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა, ხოლო მინერალური და სხვა უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი - 46%-ით (15 მლნ აშშ დოლარით). მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტში, რომელიც გაორმაგდა და 12 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, — აღნიშნავენ TI-ში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა „კომერსანტთან“ ადასტურებს, რომ ჯამური ღვინის ექსპორტის შემცირება დიდწილად უკრაინის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის შეწყვეტამ განაპირობა და აღნიშნავს, რომ ამ დანაკლისის ნაწილის შევსება აშშ-ში ექსპორტის ზრდით მოხდა.

„ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ექსპორტის მიმართულებით ასეთი შედეგი გვქონდა არის ომი. რომ ავიღოთ ცალკე მდგომი უკრაინა, ძალიან დიდი კლებაა, ახლა, შედარებით დაიწყო ისევ შესყიდვები, მაგრამ 60%-ზე მეტია კლება. თუმცა, ბაზრების დივერსიფიცირებამ მოგვცა ის შედეგი რაც დღეს გვაქვს, მაგალითად 16%-იანი მატებაა ამერიკის მიმართულებით და სხვა სტრატეგიულ ბაზრებზეც ზრდა დაფიქსირდა, რის ხარჯზეც მოხდა უკრაინაში კლების გადაფარვა. დივერსიფიცირების კუთხით აუცილებელია ისეთი ქვეყნების ათვისება, როგორიცაა ჩრდილო ევროპა, სკანდინავია და ბენელუქსის ქვეყნები“, — აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.