ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესა და სან-ფრანცისკოში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.
როგორც bm.ge-სთან საუბარში დეგუსტაციის ერთ-ერთმა მონაწილემ ქეთო ნინიძემ განაცხადა, გამოფენა-დეგუსტაცია 9-დან 15 მარტამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას ხუთი ქართველი ქალი მეღვინე მიიღებს.
“დეგუსტაცია იმ მაღალი კლასის ღვინის ბარებში, რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებში გაიმართება, რომლებმაც პირველებმა გაუწიეს პოპულარიზაცია ქართულ ღვინოს ამერიკაში. ესენია: Brumaire, Wildair, Uva wine & spirits, Astor wine & spirits და ა.შ ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. დეგუსტაციას კი ღვინის პროფესიონალები ჩაატარებენ”, – აცხადებს “ოდას” დამფუძნებელი ქეთო ნინიძე.
ამერიკის ღვინის დეგუსტაციაში ქეთო ნინიძის “ოდასთან” ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ქეთი ბერიშვილის GOGO Wine-ი, თამუნა ბერიშვილის “თამუნას ღვინო”, მარინა კურტანიძის “მარინას ღვინო” და საქართველოში მცხოვრები, წარმოშობით ამერიკელი, ენეკ პატერსონის “Freya’s მარანი”.
“ამერიკაში სპეციალურად ქართველი ქალი მეღვინეებისთვის გამართულ დეგუსტაციაზე სამი სახეობის ღვინოს წარვადგენ, ესენია: შიშველი ოჯალეში, ძელშავი, ორბალური ოჯალეში”, – აცხადებს ქეთო ნინიძე.
“ოდას” ღვინო უკვე 2 წელია, რაც ამერიკის ბაზარზეა წარმოდგენილი. მისი ღირებულება 25 აშშ დოლარს შეადგენს. ქეთო ნინიძის პროდუქცია ექსპორტზე იაპონიაში, გერმანიასა და ისრაელშიც გადის.
როგორც BMG-სთან საუბარში “ოდას” დამფუძნებელმა აღნიშნა, მას საკმაოდ დიდი სამომავლო გეგმები აქვს და უკვე შემოდგომისთვის, ღვინოს ექსპორტზე დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთში გაიტანენ.