ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეწვია, ორგანიზაციის მაღალი და საშუალო რანგის მენეჯმენტს შეხვდა და გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია მოისმინა.
პრეზენტაცია სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი დუგლაძემ გამართა. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია.
სააგენტოს თავმჯდომარემ ვიცე-პრემიერს გააცნო ორგანიზაციის სტრუქტურა, მისი ძირითადი მიზნები და ამოცანები, აგრეთვე მიაწოდა ინფორმაცია როგორც 2012 – 2021 წლებში გეგმის მიხედვით პრივატიზებიდან შემოსული თანხების შესახებ, აგრეთვე მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთაც სააგენტო ახორციელებს. მათ შორის, პროგრამას „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომელიც 2021 წელს ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ კიდევ უფრო გაფართოვდა.
შედეგად, 2021 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 293 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 431 ობიექტი გასხვისდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს პროგრამის ფარგლებში 156 აუქციონი უკვე გამოცხადდა. პრეზენტაციის თანახმად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც 2014 წლიდან ბიზნესის სტიმულირების მიზნით ხორციელდება, უძრავი ქონება 128 ბენეფიციარს გადაეცა, მოსალოდნელი ინვესტიციის რაოდენობაა 232 მლნ ლარზე მეტი, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი - 11,000 - მდე ადამიანი.