"ვერაფრით ვერ შევძლებთ, თან არ გვაქვს ის ფუფუნება, რომელიმე სტუმარს მხოლოდ იმიტომ ვთხრათ უარი, რომ ვაქცინა არ აქვს გაკეთებული" - ამის შესახებ Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორი ერეკლე კოკაია ამცადებს. მისი თქმით, სასტუმროს შემთხვევაში, რელევანტური იქნება ე.წ. მწვანე ზონა იყოს სასტუმრო, რომლის თანამშრომლების უმრავლესობაც ვაქცინირებულია.
,,რაც პანდემია დაიწყო, სეზონამდე გაკვრით ითქმება ხოლმე მწვანე ზონების საჭიროებებზე და უპირატესობებზე, თუმცა ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. ოფიციალურად, არ არსებობს არანაირი სხვაობა ამ დრომდე. ცხადია, იქნება ძალიან კარგი, თუ ეს მოხერხდა, როგორც ბიზნესისთვის, ასევე ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობისთვისაც.
სასტუმროს შემთხვევაში, მწვანე ზონა ნიშნავს ადგილს, სადაც სტაფის დიდი უმრავლესობა აცრილია. ყოველშემთხვევაში აქამდე ამაზე იყო საუბარი. ვერაფრით ვერ შევძლებთ, თან არ გვაქვს ის ფუფუნება, რომელიმე სტუმარს მხოლოდ იმიტომ ვთხრათ უარი, რომ ვაქცინა არ აქვს გაკეთებული. თეორიაში კარგი იქნებოდა, თუმცა პრაქტიკაში ეს შეუძლებელია. ძალიან დიდი ზეწოლა და დარტყმა იქნება ეს ჩვენთვის. ისევ იქით მივდივართ, რომ კარგი იქნება თუ სტაფის აცრაზე იქნება მწვანე ზონის სტატუსი დამოკიდებული. მაგალითად, გუდაურში ჩვენი თანამშრომლების 80-90% აცრილია“, - განაცხადა Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ერეკლე კოკაიამ წინასწარ ჯავშნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მომხმარებლის ქცევა პანდემიამ იმგვარად შეცვალა, რომ დასვენების დაგეგმვა 2-3 თვით ადრე აღარ ხდება.
,,პანდემიამდე, როგორც წესი, ამ დროს ჯავშნები უკვე იყო, თუმცა კოვიდმა ძირეულად შეცვალა მომხმარებლის ქცევა. ჯავშნები ძალიან ახლოს არის რეალურ თარიღებთან, რადგან წინასწარი დაგეგმვა რთულდება. ინტერესი საკმაოდ დიდია, და შემდეგი ორი სამი თვის განმავლობაში, იმედი გვაქვს, რომ საგრძნობლად მოიმატებს ჯავშნები, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხოელების მხრიდან“, - ამბობს კოკაია
შეგახსენებთ, საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს აამოქმედოს ინიციატივა „მწვანე ზონების“ შესახებ და მოუხსნას შეზღუდვები რესტორნებსა და სხვა დაწესებულებს, რომლებიც მხოლოდ კორონავირუსზე აცრილ ან დატესტილ კლიენტებს მოემსახურებიან. იგივე ინიციატივა სამთო კურორტებთან დაკავშირებით, "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემაც გააჟღერა.
წყარო: ,,ბიზნესპრესნიუსი“